„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც 18 აპრილს, გამთენიისას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ავტომანქანაში ჩასვა, აცხადებს, რომ ის სამართალდამცველებმა „გამეტებით სცემეს“. ელისაშვილმა თქვა, რომ ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი.
„უშუალოდ ვაჟა სირაძის [საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი] მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ დროს წავიქეცი და იქ დაგდებულს გვირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში, გადამიყვანეს წერეთელზე, შსს-ს დიდუბის განყოფილებაში. იქ ნორმალური, ადამიანური გარემო იყო. მოვედი კლინიკაში, ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი. ბრძოლით „ანჯელინა ჯოლის ტუჩიც“ მოვიპოვე“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.
ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქცია თბილისში 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 22:30 საათამდე მისცეს ვადა კანონპროექტის გასაწვევად. მოგვიანებით, დაახლოებით 23:00 საათისთვის, დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან წავიდა. პოლიტიკურმა ლიდერებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვეს.
ამის შემდეგ აქცია ორ ადგილას გაგრძელდა – პარლამენტთანაც და მთავრობის ადმინისტრაციასთანაც. აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს – შსს-ის თანახმად, „პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები“.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაახლოებით 00:00 საათისთვის პოლიციამ ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ავტომანქანით, ძალის გამოყენებით გაიყვანა ტერიტორიიდან.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი” პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნება” მის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის” მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.
სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
“რადიოთავისუფლება”