“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერი იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საარჩევნო ჯგუფის სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
“დღეს გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც ჩვენ დავეთანხმეთ ოპოზიციას. 40%-იანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის. ეს არის დამატებითი სიახლე, რომელიც აისახება კანონპროექტში მეორე მოსმენით განხილივის დროს. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმება არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ფართო მხარდაჭერით დამტკიცდეს მეორე მოსმენით უკვე ეს კანონპროექტი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, აქამდე მაჟორიტარებისთვის ბარიერი არ არსებობდა. კობახიძე ამბობს, რომ მთლიანობაში პროექტთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერებულია.