რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ყოფნას პროტესტი მოჰყვა და იგი იძულებული გახდა, თავის მეგობრებთან ერთად, რომლებიც მისი დაბადების დღის აღნიშვნას აქ აპირებდნენ, დაეტოვებინა ქვეყანა. პოზნერი არაერთ საჯარო გამოსვლაში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს და მიიჩნევს, რომ “აფხაზეთი აღარასდროს დაუბრუნდება საქართველოს“. იგი, ასევე, ქართველების მხრიდან აფხაზების “ჩაგვრის“ შესახებ თვითმხილველის პოზიციიდან საუბრობს.
აი, რას ამბობდა ვლადიმირ პოზნერი:
„მე ხშირად დავდივარ საქართველოში და აშკარად ვხედავ, რომ აფხაზებს არ უნდათ საქართველოში ყოფნა. მეტსაც ვიტყვი _ მე ვიყავი იმის მოწმე, რომ ქართველები აფხაზებს ისე ექცეოდნენ, როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს, რომ თითქოს, აფხაზები ახლახან ჩამოძვრნენ ხიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…
შემდეგ სააკაშვილმა გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ძალით დაებრუნებინა. მას მისი გათვლები ჰქონდა _ ფიქრობდა, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა, რადგან ეს მსოფლიოში უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა და რუსეთი, აფხაზეთის გამო, მთელ მსოფლიოსთან ურთიერთობებს არ გააფუჭებდა. გარდა ამისა, სააკაშვილს სჯეროდა, რომ მას აშშ დაეხმარებოდა _ დაბლოკავდა როკის გვირაბს და დასახმარებლად ნატოს ჯარები შემოვიდოდა. იგი შეცდა _ ამერიკელები არ დაეხმარნენ, რუსეთმა პასუხი გასცა.
ეს იყო საქართველოს მხრიდან ომით შეჭრა, რის გამოც საქართველომ აფხაზეთი საბოლოოდ დაკარგა _ აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი“, _ ამბობდა პოზნერი.