ევროკომისიის სპიკერი, პაულა პინო ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირების შესახებ „პუბლიკის“ კითხვის პასუხად ამბობს, რომ იმას, რაც ევროკომისიის მხრიდან რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების წინადადების ნაწილი იყო, საფუძველი აქვს. თუმცა, მისი თქმით, უნდა დაველოდოთ პაკეტის საბოლოოდ დამტკიცებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.
„როგორც იცით, რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტზე ჯერ შეთახმება მიღწეული არ არის, ის კვლავაც განიხილება. რა თქმა უნდა, იმას, რაც არის წინადადების ნაწილი ჩვენი – ევროკომისიის მხრიდან, აქვს საფუძველი. მაგრამ ყველაფერი ევროპული საბჭოს განხილვის საგანია. ამიტომ ჩვენ ჯერაც არ შეგვიძლია, ვთქვათ, ეს კონკრეტული რამ არის სანქციების ნაწილი, არ არის, ან იქნება თუ არა. ჩვენ გვჭირდება, დაველოდოთ საბოლოო პაკეტის მიღებას, რათა ვნახოთ, რა იქნება მასში“, – თქვა პაულა პინომ.
დღეს, 25 თებერვალს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „გუშინ ყულევი არ დასანქცირდა“. თუმცა, რეალურად, ევროკავშირმა ვერ შეძლო რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტის მიღება იმის გამო, რომ ის უნგრეთმა დაბლოკა.
სანქციების მე-20 პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტით, სხვა აკრძალვებთან ერთად, მოთხოვნილია რუსეთსა და „მესამე ქვეყნებში“ ოთხ კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა და სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიაშია გაყვანილი ყულევის პორტი.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ყულევის პორტი დასახელებულია სიაში, რომელიც ეხება „რუსეთს გარეთ, მესამე ქვეყნებში არსებულ პორტებს“.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved

































































