ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კოალიაცია „ცვლილებებისთვის“ ოფისთან გაკრული ბანერი, კოალიციის წევრებს ამ დილით დაზიანებული და ჩამოხეული დახვდათ.
„გურია ნიუსმა“, ამ საკითხთან დაკავშირებით, ორივე მხარის პოზიცია შესთავაზა მკითხველს.
საინტერესოა, როგორ რეგულირდება საარჩევნო ბანერების გაკვრა სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე. როგორც კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელი ამბობს, მათ წერილობით მიმართეს ჩოხატაურის მერიას ბანერის გაკვრის თაობაზე. მერიიდან კი მათ არანაირი პასუხი მიუღიათ – არც კი და არც არა. ასეთ შემთხვევაში რას ამბობს კანონი? – ამ კითხვით „გურია ნიუსმა“ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სამართლებრივ ექსპერტს გიორგი მონიავას მიმართა:
_ ორგანული კანონის _ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 46-ე მუხლის თანახმად, სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში. აკრძალულია სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე, საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.
ასევე, მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოები აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა, _ გვითხრა გიორგი მონიავამ.
ავტორი