კიკეთში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებული გელა ნიორაძე განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალს არ ეთანხმება. დაკავებულმა უკვე მისცა გამოძიებას ჩვენება. ის ყვება საკუთარი ვერსიის შესახებაც, რომლის მიხედვით, არა თავდამსხმელი, არამედ მსხვერპლია და თავს იცავდა. რა მიზეზით დაიწყო დაპირისპირება – ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა.
“კურიერის” ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა კიკეთში, ხოჯიკაშვილების ოჯახში 500 ამერიკული დოლარის გამო დაიწყო. ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს დაკავებულ გელა ნიორაძის ადვოკატი, რომელსაც “კურიერი” ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ ესაუბრა. მისი თქმით, შემთხვევა მცირედ თანხას უკავშირდება.
რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, ადვოკატმა აღნიშნა რომ გელა ნიორაძე არ აღიარებს განზრახ მკვლელობის ბრალდებას და ის ამტკიცებს, რომ კიკეთში მომხდარი დაპირისპირების დროს მხოლოდ თავს იცავდა.
“დაიბარეს სალაპარაკოდ, ჩავიდა და მიაყენეს შეურაცხყოფა. გადაუგდეს მანქანის გასაღები და როდესაც ამ გასაღების ასაღებად დაბრუნდა ადგილზე მაშინ მოხდა ეს ინციდენტი.
თუ რა თანხაზეა საუბარი, დეტალები დაზუსტდება და გაირკვევა, პატარა თანხაზეა საუბარი.
მას არ ჰქონია ვინმეს მოკვლის განზრახვა, მაგრამ როგორც გითხარით, წინა პერიოდში მას და მის ოჯახის წევრს, შვილს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და თავდაცვის მიზნით ჰქონდა ეს იარაღი.
ფაქტი ერთია, რომ გელა ნიორაძე არ გაქცეულა, მომხდარის ადგილიდან რამდენიმე მეტრში ცხოვრობს, ავიდა სახლში და ელოდებოდა იქ პოლიციას. მის ავტომობილს, რომელიც უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, მისი მეუღლე მართავდა” – აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატის მონაყოლით ირკვევა, რომ ბრალდებულის მეუღლემ, რომელიც ასევე დაჭრილი იყო, კლინიკაში წაიყვანა შვილი, რომელიც დაზიანებული იყო, თუმცა ქალმა ვეღარ შეძლო ავტომობილის მართვა და უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა, სადაც შემდგომ სამართალდამცავები მივიდნენ და ქალს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
რაც შეეხება დაკავებულ გელა ნიორაძეს, ის ამ დრომდე რჩება ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მას ადვოკატი ცოტა ხანში კიდევ ერთხელ მოინახულებს. ბრალს ოფიციალურად დღის ბოლოს, ან ხვალ წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
წყარო: rustavi2