თურქეთის ნაკრების მცველი, რომელიც თამაშის ბოლოს გმირად იქცა, სხვადასხვა მაისურითა და შორტით თამაშობდა.
საქართველოსა და თურქეთის მატჩი ისეთი დრამატული გამოდგა, ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, თუმცა, უკვე დღეს ცნობილი გახდა იმ შეცდომის შესახებ, რომელიც მეტოქეს შეემთხვა.
ყურადღების ცენტრში თურქეთის ნაკრების მცველი სამეტ აკაიდინი მოექცა, რომელსაც 4-ნომრიანი მაისური ეცვა, შორტებზე კი 14 ნომერი ეწერა. სხვათა შორის, სწორედ აკაიდინი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც თამაშის ბოლო წუთებზე ზურიკო დავითაშვილის დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან თავით გამოიტანა.
ამავდროულად, მინდორზე თურქებს 14-ნომრიანი მაისურით მოთამაშე ფეხბურთელიც ჰყავდათ – აბდულკერიმ ბარდაკჯი. ის და აკაიდინი ფოტოზე ერთადაც არიან გამოსახულნი და მართლაც უცნაური ვითარება იქმნება: გამოდის, რომ სამეტი თანაგუნდელის შორტებით თამაშობდა.
ცხადია, ამ ამბავმა თურქ ქომაგებში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია, რაც უარეს შემთხვევაში მატჩის შედეგის გადახედვას უკავშირდებოდა. “სამეტ აკაიდინი 4-ნომრიანი მაისურით და 14-ნომრიანი შორტით გამოჩნდა. ეს რაიმე პრობლემას ხომ არ გამოიწვევს?”. “მიეცით დისკვალიფიკაცია სიცოცხლის ბოლომდე”. “რას აკეთებდა მე-4 არბიტრი?” – დაიწერა სოციალურ ქსელში, რამაც თავად თურქი ფეხბურთელის ყურადღებაც მიიპყრო და ის მომხდარს ირონიით გამოეხმაურა: “მათთვის, ვინც ამ თემით განსაკუთრებით დაინტერესდა – მინდა დაგამშვიდოთ, რომ შორტები მის მფლობელს დავუბრუნე”.
ცხადია, რომ მომხდარის გამო თურქეთისა და საქართველოს მატჩის შედეგის გადახედვა არ მოხდება. ასეთი ფაქტები მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ადრეც დაფიქსირებულა და მაქსიმუმი, რაც შეიძლება უეფამ მოიმოქმედოს, თურქული მხარისთვის სიმბოლური ფინანსური სასჯელის დაკისრებაა. მიზეზი ისაა, რომ შეუძლებელია არასწორი ამუნიციით მოთამაშე ფეხბურთელის მინდორზე ყოფნა მატჩის შედეგზე რაიმე გავლენას ახდენდეს. ამასთან, ამ შემთხვევაში, მსაჯთა კორპუსის ბრალეულობა უფრო იკვეთება (თუკი ისე მათი ნებართვის გარეშე მოხდა), რომელსაც ფეხბურთელების ამუნიციის გაკონტროლება მკაცრად ევალება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე სადებიუტო შეხვედრა 1:3 წააგო, თუმცა, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ქართველ ფეხბურთელებს გერმანიაში მიმდინარე ტურნირზე მე-2 მატჩი 22 ივნისს ჰამბურგის ვოლკსპარკშტადიონზე ელით, მეტოქე კი ჩეხეთი იქნება.
წყარო: europop