ტელეკომპანია “პირველის“ მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყება აცხადებს, კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
9 მარტს გავრცელებულ განცხადებაში უწყება მიუთითებდა, რომ “საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“.
პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რათა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება ჰქონოდათ ამოეღოთ “კონფიდენციალური წყაროს მიერ გაგზავნილი (გადაცემული) კონვერტი (ან/და სხვაგვარი შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა“.
მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა განჩინებას ხელი მოაწერა და ახლა, პროკურატურას 30 დღის განმავლობაში, უფლება აქვს, შევიდეს ორგანიზაციაში და ამოიღოს გამოძიებისთვის საინტერესო მასალა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი მედიასთან ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბერკეტი არ არსებობს და სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.
„ჟურნალისტს აქვს უფლება, არ დაასახელოს წყარო, მაგრამ პროკურატურას აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს განჩინებით ასეთი ჩხრეკა/ამოღება განახორციელოს კონკრეტულ მასალასთან მიმართებით. ოღონდ, ეს უნდა იყოს უკანასკნელი ზომა და უკანასკნელი ღონისძიება. პროკურატურას შეეძლო მოემართა ტელეკომპანია “პირველისთვის“ და თუ ის ნებაყოფლობით არ გადასცემდა, მაშინ მას შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის“, – ამბობს ნიკა სიმონიშვილი ტვ “პირველთან“ საუბრისას.