ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, ელჩი დანიგანი საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
“დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება”,_ ნათქვამია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
“შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“,_ აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.


































































