საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოთხ წინადადებას სთავაზობს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებიტ, გადაწყვეტილება შეთავაზებების შესახებ პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
”გაიმართა ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრა, რომელზეც შეთანხმება შედგა. ოპოზიციამ და პრეზიდენტმა მანამდე მიაღწიეს 6-პუნქტიან შეთანხმებას, თუმცა უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციამ და პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, რომ გადაედგათ კიდევ თანხმობის ნაბიჯი და გააკეთეს 4 შეთავაზება – ბონუსების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების დაშვება, ანუ ორი საკითხი, რომელსაც ”ქართული ოცნება” ითხოვს, მესამე – პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020-ში და მეოთხე შეთავაზება არის ის, რომ პრეზიდენტს პარლამენტი მაშინ აირჩევს, როცა ის იქნება ორპალატიანი, რაც ასევე იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ეს არის ოთხი ძირითადი ნაბიჯი თანხმობისკენ, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი სთავაზობს უმრავლესობას, რომ გათვალისწინებული იყოს ვეტოში. თუ უმრავლესობას კიდევ სხვა საკითხები სჭირდება, მაგალითად, რელიგიის თავისუფლების მუხლი, ოპოზიცია მზად არის, ამაზე ითათბიროს”, _ განაცხადა ანა დოლიძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასთან დამატებით კონსულტაციისთვის მზად არის. მისივე თქმით, თუ პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლის საკითხის გამო მმართველ გუნდს ხმები არ ეყოფა და მაჟორიტარები წინააღმდეგობას გაწევენ, „ოპოზიცია სთავაზობს უმრავლესობას, რომ დაუმატოს ხმები – 32 საპარლამენტო ხმა“.