ისტორიკოსი თედო ჟორდანია 1915 წელს წერდა: ,,გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს.
ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების ბურთაობა, ფერხულის დაბმა და ნაირ-ნაირი ცეკვაობა დაირისა და სიმღერათა ხმაზე ხომ განთქმული იყო.
შემთხვევით ერთს ამგვარს თამაშობას დავესწარ, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დასტოვა ჩემს ცხოვრებაში: ვეებერთელა წრე ქალ-ვაჟებისა ისე მწყობრად ბრუნავდა, რომ გეგონებოდათ, აქ ერთი კაციაო. თვალთ წარმტაცი სურათი იყო, აუწერელი მშვენიერება!”
ამ წერილამდე რამდენიმე წლით ადრე თედო ჟორდანიას და გურიის რესპუბლიკის მომავალი პრეზიდენტის, ბენია ჩხიკვიშვილის გზები გადაიკვეთა. 1902 წელს ქუთაისში გაიმართა დასავლეთ საქართველოს სამრევლო სკოლების მასწავლებელთა კურსები. ადგილობრივ სოციალ-დემოკრატთა წინადადებით თავად მასწავლებელი ბენია ჩხიკვიშვილი მოუწოდებდა კოლეგებს მხარი დაეჭირათ გლეხთა მოძრაობისათვის, რომელმაც გურიაში იფეთქა და სხვა მაზრებში მისი გავრცელებისათვის ხელი შეეწყოთ. ის დაასმინეს თედო ჟორდანიასთან, რომელიც კურსებს ხელმძღვანელობდა და დაუყონებლივ დაითხოვეს მასწავლებლობიდან.