„სტრატეგიული პორტიდან აფუსფუსებულ ზღვის კურორტამდე“ _ ამ სათაურით ბათუმის შესახებ სტატიას EURONEWS აქვეყნებს.
„გურია ნიუსი“ გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ:
ბათუმი არის საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქი და ავტონომიური რეგიონის, აჭარის დედაქალაქი. 10 წლიანი ურბანული ტრანსფორმაციის შედეგად ის შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქად იქცა.
ბათუმის ბულვარი ქალაქის ცხოვრება და სულია. ის მთავარი პლიაჟის ფრონტზე მდებარეობს და 8 კილომეტრზეა გადაჭიმული. ის ქალაქის ტურისტული განვითარების შესახებ ბევრ რამეს ამბობს.
ბლოგერის, დავით ტრაპაიძის თქმით, 20 წლის წინ ვითარება ძალიან განსხვავდებოდა.
„ბათუმი ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის ბუფერული ზონა იყო. რის გამოც უამრავი ჯარისკაცი იმყოფებოდა და ბათუმის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე თავისუფლად ბანაობა შეუძლებელი იყო. ახლა შავიდან თეთრისკენ ბევრი რამე შეიცვალა“, _ ამბობს ტრაპაიძე.
ჰიპნოზური მოძრავი სკულპტურისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით 130 მეტრის სიმაღლის ანბანის კოშკი დგას.
იმის შესახებ თუ რა არის განსაკუთრებული ქართულ ანბანში EURONEWS ხელოვნების ისტორიკოსი, მაია ჭიჭილეიშვილი ესაუბრა.
„ქართული ანბანი უნიკალურია. ის ქრისტეს შობამდე მესამე საუკუნეში იღებს სათავეს. ყველა გამოთქმა შეესაბამება დაწერილს“, _ ამბობს ჭიჭილეიშვილი.
ანბანმა განვითარების 3 საფეხური გამოიარა და თითოეული მათგანი იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაშია ჩაწერილი. კოშკს აქვს დე ენ ემის ფორმა, რაც ნიშნავს, რომ ანბანი არის ქართული გენეტიკური კოდი“, _ ამბობს ჭიჭილეიშვილი.
აქ არის წამომართული მედეას ქანდაკება, რომელიც ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბერძნებს ოქროს საწმისის გატაცებაში დაეხმარა.
ევროპის მოედანი ძველი ბათუმის ახალ სახეს აჩვენებს. ამ ადგილს ევროპის მოედანი მას შემდეგ დაერქვა, რაც აჭარა ევროპის რეგიონთა ასამბლეას შეუერთდა.
„ბათუმის, როგორც ტოპონიმის ისტორია დაახლოებით 2 500 წლის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ არისტოტელე აღნიშნავდა მას. ბათუმის მშენებლობა თანამედროვე ურბანულ ქალაქად 1878 წელს დაიწყო“, _ამბობს მწერალი შოთა გუჯაბიძე.
„ზოგიერთი შენობა ახალია. ისინი 5-10 წლის წინ აშენდა. მაგრამ ასევე ძველი შენობებიც ინახება ამ სამეზობლოში, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა. ზოგი მე-20 საუკუნის დასაწყისში. ბათუმს ერთგვარი ძველი ხიბლი აქვს, რასაც ვფიქრობ, ამ შენობების დამსახურებაა“,_ამბობს ის.
დილის ტურის შემდეგ შესვენება გადავწყვიტეთ. გვინდოდა, რომ თანამედროვე გარემოში ქართული სახლი შეგვეგრძნო, ამიტომ რესტორან „ფანფანში“ ლანჩი მივირთვით, სადაც ტრადიციულ კერძებს თანამედროვეობასთან აქვს კავშირი.
„ფანფანის“ მფლობელი, დავით დანელია ჩვენთან ერთად დაჯდა მაგიდასთან.
„ტიპიური ქართული სამზარეულო თიხის ქოთანში მომზადებული ლობიოს მარცვლებით, ელარჯით, ასევე ბაჟეთი, მწნილებით და ქართული სულგუნის ყველის რულონებისგან შედგება“, _ ამბობს დანელია.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ქალაქის ჩრდილოაღმოსავლეთით 8 კილომეტრში მდებარეობს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი ბაღია, სადაც მსოფლიოს ეკო-სისტემების ფლორის 9 სახეობაა წარმოდგენილი.
ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილია ტურისტული სეზონის გასახანგრძლივებლად.
როგორც EURONEWS აჭარის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ზურაბ პატარიძემ უთხრა, ტურიზმი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვმუშაობთ სათხილამურო ტურიზმის, ასევე სასოფლო-სამეურნეო ტურიზმის, სასოფლო და ექსტრემალური ტურიზმის განვითარებაზე, რაც ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, _ განაცხადა პატარიძემ.
რეგიონში ინვესტიციამ კაზინოებისა და სასტუმროების მომრავლება გამოიწვია.
მაუწყებლის ინფორმაციით, რამდენიმე ტურისტი ბათუმს შავი ზღვის ლას ვეგასს უწოდებს.