ბახმაროზე ბევრი რამ დაწერილა, ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს გაზეთიდან ,,ივერია”, 1894, № 219:
,,სამწუხაროდ, ჩვენ საქონლის მოშენებას არ მივსდევთ და თუნდაც ვიყოლიოთ კიდეც, მაინც ჩვენი ,,ხანუმები” იმის მოვლისათვის თავს არ შეიწუხებენ და სირცხვილადაც მიაჩნიათ ხოლმე საქონლის მოვლა და ერბო-ყველის გაკეთება.
ეხლა მაინც იქნება ღმერთმა მოგვხედოს, რადგან აჭარელი და გურული ქალები ზაფხულობით ერთად იყრიან თავს (ბახმაროში), ერთსა და იმავე მთაზე დადიან და ვინ იცის, იქნება ამათგან საქონლის მოვლა და ერბო-ყველის გაკეთება ისწავლონ. საქონლის მოშენებასაც ხელს შეუწყობს უხვი მთა და ბარი საბალახოები, რომელიც გურიას აქვს და თითქმის ქვეყნის ხალხი იმათს საბალახოებს შეჰნატრიან. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ ქალებსაც მიებაძოთ აჭარელი ქალებისათვის და ამით ოდნავ მაინც დახმარებოდნენ ქმრებს, რომელთაც ათასნაირი გადასახადისა და გაჭირვებისაგან თავი მაღლა ვერ აუწევიათ. საჭიროა მხოლოდ, რომ ამ საქმეს ერთმა მოჰკიდოს ხელი და მერე სხვებიც იმას მიჰბაძავენ”.
თედო სახოკიაც აღნიშნავდა, რომ ,,გურულს მწყემსობა სათაკილო ხელობად მიაჩნია, გურულმა რომ ქალის საქმე და ძროხა მოწველოს, ყველას ყბადასაღები გახდება… საზოგადოდ, გურიაში საქონელი იმდენი ჰყავთ, რომ ოჯახში საჭიროებისათვის ეყოთ.”
ჩვენო ლამაზო ბახმაროვ! ტურფავ და ლაზათიანო,
პირ-მომცინარევ, კეკლუცო, ბუმბერაზ-ნაძვთა თმიანო!
ირგვლივ, რომ შემოზღუდულხარ: მთა-გორაკების რკალითა
მითხარი: შენს უკეთესი ვის რა უნახავს თვალითა?!
გაზეთი ,,ივერია”, 1904, #190.
[sexy_author_bio]