საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ N18 სამკურნალო დაწესებულებაში სტუმრობის შემდეგ განაცხადა. იუსტიციის მინისტრი N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო.
„ქალბატონ თამარ გაბუნიასთან ერთად დავათვალიერეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება. როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული იმისათვის, რომ მიიღოს პაციენტი. საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ ასევე, დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა“,– განაცხადა იუსტიციის მინისტრმა
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, N18 (სამკურნალო) დაწესებულების კლინიკას აქვს სრული აღჭურვილობა იმისათვის, რომ მან აწარმოოს უსაფრთხო სერვისი, როგორც გადაუდებელი დახმარების ასევე ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის მიმართულებით.
„ეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ორ ადგილზეა გათვალისწინებული, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატი, დეფიბრილატორი, კარდიომონიტორი, ინფუზიის აპარატი, რაც აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის შემთხვევაში სითხეების და ელექტროლიტების გადასხმისთვის და მონიტორინგისთვის. ამდენად აქ არის ყველა პირობა, ტექნოლოგიური, იმისთვის რომ ინტენსიური თერაპია პაციენტზე დაკვირვება განხორციელდეს უსაფრთხოდ. ასევე, პერსონალი, რომელიც მობილიზებულია კონკრეტულად ამ განყოფილებაში სამუშაოდ, არის ძალიან გამოცდილი, უდიდესი კვალიფიკაციის, ამდენად ვფიქრობთ რომ ხარისხი რაც იქნება ამ შემთხვევაში სამედიცინო სერვისის, არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან რომელიც არის როგორც ჩვენს ქვეყანაში მისაღები, ასევე საერტაშორისო დონეზეც მისაღები. ამდენად ვფიქრობთ რომ გამართულია სრულად ეს განყოფილება რომ პაციენტს მიიღოს და უმკურნალოს“– განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე. N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში სტუმრობისას მათ დაათვალიერეს დაწესესებულების ლაბოტარორია, რეანიმაციული განყოფილება და ადგილზე გაიცნენ ყველა იმ სერვიის რასაც დაწესებულება იქ მოხვედრილ ბრალდებულებს/ მსჯავრდებულებს სთავაზობს. (R)