სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი ერთი მოსმენით მიიღო. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის მთლიანი შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 25 887 400 ლარით, რაც წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით 2 996 900 ლარით მეტია. მართლია, საკრებულოს ოპოზიციას წინა წლებისგან განსხვავებით სხდომა არ დაუტოვებია და საკითხების განხილვაში ბოლომდე მიიღო მონაწილეობა, ამის მიუხედავად 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას მათ წინააღმდეგობა დააფიქსირეს.
საკრებულოს ოპოზიციის ერთ- ერთმა წარმომადგენელმა, კობა ძიძიგურმა, რომელიც თითქმის იგივე პოზიციას გამოხატავდა, 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე უარი ,, გურია ნიუსთან ” კომენტარში შემდეგი დასაბუთებით ახსნა: ,,მე მიმაჩნია, რომ ხელფასების 10 პროცენტით მატება არაა სამართლიანი, რადგან მცირე ხელფასის 10 პროცენტი გაცილებით ცოტაა, ვიდრე მაღალი ხელფასის. არიან, მაგალითად, მწვრთნელ-მასწავლებლები, რომელთაც 292 ლარი აქვთ თანამდებობრივი სარგო და მოემატებათ 29 ლარი და 20 თეთრი, ხოლო 2000 ლარიანი თანამდებობრივი სარგო ვისაც აქვს, მას 10 პროცენტით მატების შემთხვევაში მოემატება 200 ლარი. ისედაც სირცხვილია, რომ მწვრთნელ-მასწავლებლებს 292 ლარი ერიცხებათ. ასეთი უსამართლო განაწილების გამო არ დავუჭირე მხარი სამტრედიის ბიუჯეტის დამტკიცებას.”
ავტორი