თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ბიუროს სხდომაზე იმის შესახებ გააკეთა განცხადება, თუ რატომ არ არის ეს ამნისტია ისეთივე მასშტაბური, როგორიც იყო 2012 წლის.
„საზოგადოებაში ავტომატურად მიმდინარეობს შედარება ამ ამნისტიის პროექტისა 2012 წლის ამნისტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის დარგობრივად ჩვენი, განათლების კომიტეტის, კომპეტენცია, მოგვიწევს, რომ თუნდაც, ჩემი სახით ამ პროცესში ჩავერთოთ. ჩვენ გვახსოვს, რომ პატიმრებში იყო ძალიან დიდი მოლოდინი ამ ამნისტიის. დაგვჭირდება კიდევ უფრო მკაფიო კომუნიკაცია, რაშიც მზად ვარ მეც ჩავერთო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარლამენტი „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის განხილვას იწყებს. კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა.
ამნისტიის აქტი ძირითადად, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს ეხება. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები ეხება დღეისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 800-მდე თავისუფლებააღკვეთილს. ამნისტია არ ეხებათ ნარკოტიკების ან მისი ანალოგი საშუალებების რეალიზატორებს. იმ შემთხვევაში, თუ კანონის პროექტში ცვლილება შევა, გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებიც ამნისტიით შეძლებენ სარგებლობას.