სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ანგარიში პარლამენტში, დახურულ ფორმატში გაგრძელდება. გადაწყვეტილება, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
გომელაურმა დეპუტატებს ანგარიში უკვე წარუდგინა. სხდომის ეს ნაწილი მედიისთვის ღია იყო.
ოპოზიციამ სხდომის ღიაობა მოითხოვა. ხელისუფლების ოპონენტებმა საკითხების ინ ნაწილი, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავდა, საჯარო ყოფილიყო.
„გთხოვთ, რომ სანამ დაიწყება ბატონი გომელაურის გამოსვლა, ვიცოდეთ დეპუტატებმა, თუ გვექნება იმის საშუალება, რომ დებატები შედგეს საჯარო ფორმატში. ზოგადად, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებულია რომ ასეთი ტიპის უწყების ანგარიშის განხილვა ხდება საჯაროდ, თუმცა თუ არის რაღაც რაიმე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც უნდა გაჟღერდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ნაწილი შეიძლება დაიხუროს“ – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
მმართველმა გუნდმა ოპოზიციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ვახტანგ გომელაურის ყოველწლიური მოხსენება ოფიციალურად დაიხურა. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მიზეზად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და საიდუმლო ინფორმაცია დაასახელა.