გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის აზრით, თხილის ფასის შემცირება შოკოლადსა და იმ სასურსათო ერთეულებზე დაბალმა მოთხოვნამ განაპირობა, რაც თხილს შეიცავს.
მისისვე მტკიცებით, გაძვირებული ლოგისტიკური ხარჯის გამო, გლობალურად შემცირდა კონტრაქტორი კომპანიებისა და კონტრაქტების მოცულობები, რამაც ფასებზე გავლენა იქონია.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქართული თხილი თითქმის სრულად ევროკავშირის ბაზარზე გადის და როდესაც ასეთი გაძვირებული ენერგორესურსების პირობებში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია, ბუნებრივია, რომ შემცირდა ისეთ საკვებ ერთეულებზე მოთხოვნა, როგორიც არის შოკოლადი და ყველა დანარჩენი, სადაც გამოიყენება თხილი.
“ამიტომ ჩვენ გვაქვს კონტრაქტები გაცილებით იაფი და შემცირებული, ვიდრე ეს იყო გასულ წლებში. ამას ბევრი სხვა ფაქტორიც დაემატა და მიმდინარე წელს თხილის ფასი უფრო არაეფექტურია, ვიდრე გასულ წლებში იყო,” – განმარტავს ხანიშვილი და დასძენს, რომ ამ დროისთვის თხილის ჩაბარების ღირებულება დასავლეთ საქართველოში 3-დან 4.5 ლარამდეა. კახეთში კი მაქსიმალური ფასი 5 ლარს აღწევს.
მისივე განმარტებით, ყოველ წელი განსხვავდება სხვადასხვა კლიმატით, რაც გავლენას ახდენს თხილის მოსავლის მოცულობაზეც და ხარისხზეც.
“როდესაც დავიწყეთ თხილის მიმართულებით ღონისძიებების გატარება, საშუალო წარმოება იმ ფართობებზე რაც დღეს გვაქვს და ეს არის დაახლოებით 60 ათასი ჰა, გვქონდა 20 ათას ტონა. გასულ წელს 50 ათასი ტონა მოვიდა, წელს 60 ათასამდე, თუმცა ყოველ წელი განსხვავდება სხვადასხვა კლიმატით, რაც გავლენას ახდენს ხარისხზე. თქვენ იცით, რომ თხილის ასოციაცია გავაძლიერეთ და ვეხმარებით მათ. ასოციაციის ფარგლებში დასაქმებულ ფერმერებს აქვთ ძალიან მაღალი ხარისხის თხილი, 50%-იანი გამოსავლიანობით, ნაკლები ფარული სიდამპლით”, – განაცხადა ხანიშვილმა.
წყარო: agrogaremo.jrc.ge