მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, შეაჩეროს საპარლამენტო განხილვები და, სულ მცირე, დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას _ ამის შესახებ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკელებმა“ დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
“ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ საგანგაშოდ მივიჩნევთ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილელების პროექტის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვას. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო საკომიტეტო მოსმენები, იმ ფონზე, როდესაც ირაკლი კობახიძე საჯაროდ აცხადებდა, რომ ცვლილებების მიღებისას აუცილებლად გაითვალისწინებდნენ ვენეციის კომისიის მოსაზრებებსა და შენიშვნებს. მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის დასკვნა 17 ივნისს გამოქვეყნდება მაშინ, როდესაც კომიტეტებში კონსტიტუციის განხილვა უკვე დაწყებულია“, _ განაცხადა ნინო გოგუაძემ.
თამარ კორძაიას განმარტებით მმართველი პოლიტიკური ძალა, კიდევ ერთხელ, თვალნათლივ ადასტურებს, რომ მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არც პრეზიდენტის, არც სამოქალაქო სექტორის და არც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეფასებებს. მისივე თქმით მმართველი პოლიტიკური ძალა ურყევად დაადგა ხელისუფლების მიტაცების გზას და სურს, უმოკლეს ვადაში გაიმყაროს და დაიმტკიცოს ძალაუფლება.
“კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებების შემოთავაზებული სახით მიღება, ჩიხში შეიყვანს ჩვენს ქვეყანას, რადგან დააშორებს რეალური საპარლამენტო მმართველობის მოდელს, ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიულ წარმომადგენლობას პარლამენტში, აკრძალავს საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას, შეასუსტებს ადგილობრივ თვითმმართველობას და დაბლა დასწევს ადამიანის უფლებების დღეს არსებულ სტანდარტს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
“თავისუფალი დემოკრატებისა“ და “რესპუბლიკელების“ განმარტებით, დაუშვებელია ქვეყნის მმართველობის მოდელის შეცვლა ასეთ დაჩქარებულ ტემპებში.
“მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, შეაჩეროს საპარლამენტო განხილვები და, სულ მცირე, დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას. იმოქმედოს მის მიერვე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შესაბამისად და ნუ დააყენებს ქვეყნის დემოკრატიულ გავითარებას ეჭქვეშ, რადგან ის იღებს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ახლანდელი და მომავალი თაობების წინაშე“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.