მესამე დღეა ქალაქ ოზურგეთის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა აქვს. გათიშვები ოზურგეთში შაბათს საღამოს დაიწყო და როგორც გვეუბნებიან ახლა მთელი ქალაქი გამორთულია.
_ შაბათს საღამოს გამოირთო დუმბაძის და ლესელიძის ქუჩა და გუშინ, საღამოს მოვიდა. გვითხრეს, რომ მიწისქვეშა გაყვანილობა დაზიანდა და მის გამო არ მოგვეწოდებოდა შუქი. ახლა ისევ გამორთულია. ვერაფერი გავიგეთ. კომპანიიდან მოგვდის შეტყობინებები, მაგრამ ვერაფერი გავუგეთ. გათიშვის და ჩართვის დრო არასდროს ემთხვევა და ისიც ვერ დავადგინეთ ამ ზამთარში რა გეგმიური გათიშვები აქვთ ასეთი, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას დუმბაძის და ლესელიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა.
როგორც გაირკვა, დღეს დილიდან მთელი ქალაქია გამორთული _ უშუქობის გამო საგაკვეთილო პროცესები შემცირებულია ქალაქის სკოლებში. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლელა იმედაშვილის თქმით, მათ აქვს ინფორმაცია, რომ ელექტროენერგიის მიწოდება მალე უნდა აღდგეს.
ასეთივე ინფორმაცია აქვთ ბაღების გაერთიანებაში, სადაც გვითხრეს, რომ სასწავლო პროცესი მხოლოდ #7 ბაგა-ბაღშია გაჩერებულია:
_ ვიცოდით, რომ გამორთვა იქნებოდა, ამიტომ წუხელ ღამით ჩავრთეთ გათბობა. დილით ყველა ბაღი შემოვიარე და სითბო არის. სასწავლო პროცესი მხოლოდ #7 ბაგა-ბაღშია შეჩერებული, რადგან აღსაზრდელები არ მოიყვანეს. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მიწოდება არ აღდგება მოგვიწევს სასწავლო პროცესი ყველა ბაღში შევაჩეროთ. თუმცა, ამ დროისთვის ამის საჭიროება არ დგას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბაღების გაერთიანების წარმომადგენლმა ნინო ქადეიშვილმა.
“ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურის ინფორმაციით ქალაქ ოზურგეთში ამჟამად გეგმიური გამორთვაა:
_ რამდენიმე წუთში ჩაირთვება დენი. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიდის და მოხდა გეგმიური გათიშვა, რის შესახებაც აბონენტები სმს-ებით გავაფრთხილეთ. ინფორმაცია გამოქვეყნდა მედიაშიც. კომპანიაში ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და გეგმიური გათიშვებიც ამის გამოა. რაც შეეხება დუმბაძის და ლესელიძის ქუჩებს იქ სერიოზული დაზიანება იყო. გუშინ მთელი დღე იმუშავა ლაბორატორიამ და ტექნიკურმა პერსონალმა და საღამოს 5 საათისთვის დენი ჩაირთო, _ გვითხრა ეკა ურიდიამ.