ისტორიკოსი და დოკუმენტალისტი ირაკლი მახარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„გურია ნიუსი“ მახარაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ღია წერილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მესვეურებს
ამას წინათ ჩემი დოკუმენტურ-ანიმაციური ფილმი ,,მხატვარი და მაწანწალა”, რომელიც ეხება ჩარლი ჩაპლინის ასახვას ზურაბ წერეთლის შემოქმედებაში, მივიტანე პირველ არხზე და ვასილ მაღლაფერიძის სახელზე წერილთან ერთად დავტოვე _ თუ ჩათვლით საჭიროდ, პირველ არხზე გაუშვით-მეთქი. გადასცეს განსახილველად და მომივიდა პასუხი, ფილმი მოგვეწონაო, მარა მითხრეს უარი.
დღემდე საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯიუტად არ მეუბნება, რა ჭირს ჩემს ფილმს ისეთი უსაშველო, რომ მისი გაშვება არ შეიძლება ეთერში. რა ნაკლი ნახეს ისეთი, რომ ის არ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რასაც ქადაგებს და აჩვენებს მაუწყებელი. თუ ფილმი არ ვარგა, სუსტია, მაშინ დამისაბუთეთ და მომწერეთ, რომ ვიცოდე, თორემ ტელეფონით გადმოცემული ამბები არ ითვლება. შეკრიბეთ პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული კომისია და მან განსაჯოს ეს ამბავი. ისიც კი ვიფიქრე, რომ შეიძლება მაუწყებლის მესვეურებს ფილმის მთავარი გმირები – ბატონი ზურაბ წერეთელი, ან ჩარლი ჩაპლინი არ მოსდით თვალში, ან კიდევ ფილმის შემქმნელი – თქვენი მონა-მორჩილი. არ ვიცი. მარა საჭიროა კომპეტენტური და დასაბუთებული პასუხის გაცემა _ რა მიზეზით არ უშვებთ ფილმს ეთერში და არა წყლის ჩაგუბება პირში“, _ წერს ფილმის ავტორი.
„გურია ნიუსმა“ სცადა საზოგადოებრივ მაუწყებელში გაერკვია, რატომ ეთქვა ირაკლი მახარაძეს ფილმის ჩვენებაზე უარი. ჩვენ მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ მახარაძეს აღნიშნულთან დაკავშირებით გაეგზავნა წერილი, რომელშიც დასაბუთებულადაა აღწერილი მაუწყებლის მიერ ფილმის ჩვენებაზე უარის თქმის მიზეზი. ჩვენ კი შეგვპირდა, დაგვაკავშირებდა იმ სამსახურს, სადაც წერილი მომზადდა.
როგორც ირაკლი მახარაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, მას არანაირი წერილი არ მისვლია. მეტიც, მახარაძის თქმით, მან ვასილ მაღლაფერიძეს 4 ოფიციალური წერილი მისწერა, მაგრამ არც ერთზე პასუხი არ მიუღია.
„გურია ნიუსი“ არაერთხელ დაუკავშირდა მაუწყებლის ზემოაღნიშნულ სამსახურს, თუმცა, მათგან პასუხი ვერც ჩვენ მივიღეთ.