ამ წუთებში ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის უკანა ეზოში პოლიციისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. აქვე იმყოფებიან ოზურგეთის ახლადარჩეული მერის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის წევრები და მხარდამჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ საოლქოს უკანა ეზოში შემთხვევით შენიშნეს კია-ს ტიპის ვერცხლისფერი ავტომობილი სახელმწიფო ნომრით CMC 130, რომელშიც ჩაალაგეს საოლქო კომისიიდან გამოტანილი რაღაც დოკუმენტები.
მათი განცხადებით, მათ მაშინვე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და არ მისცეს ავტომანქანას, რომელსაც ვინმე მათთვის უცნობი პირი _ შოთა არჯევანიძე მართავდა, ეზოდან გასვლის შესაძლებლობა.
ამ წუთებში არჯევანიძე მანქანაში ზის და და ამბობს, რომ მისი პირადი დოკუმენტებია.
საოლქოს შენობაში იმყოფებიან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, აქვე დგას კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიეშვილის კუთვნილი ავტომობილი, თუმცა თენიეშვილი ადგილზე არ იმყოფება.
შარაშენიძის მხარდამჭერები მოითხოვენ არჯევანიძისგან, აჩვენოს მათ, რა დოკუმენტები დევს მანქანაში, თუმცა, ამაზე არჯევანიძე უარს ამბობს.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე _ როცა საზოგადოების ინტერესი ასეთი მაღალია, რატომ არ მოსთხოვა პოლიციამ ავტომანქანის მძღოლს დოკუმენტების ჩვენება, ოზურგეთის პოლიციის უფროსი თემურ სხირტლაძე პასუხობს, რომ ეს იმ ადამიანის პირადი ნივთებია.