რამდენიმე დღის წინ ცნობილმა რუსმა მუსიკოსმა, ლეგენდარული ჯგუფი „აკვარიუმის“ დამაარსებელმა ბორის გრებენშიკოვმა პუტინის რუსეთის შესახებ შემდეგი სიტყვები განაცხადა:
„ნახევარი სიცოცხლე სხვადასხვა აკრძალვებში გავატარე. ჩვეულებრივი მოვლენაა, მე ხომ რუსეთში ვცხოვრობ. გამომივლია წინა საუკუნის 70-ანი და 80-იანი წლები. რაც დღეს რუსეთში ხდება, სრული მარაზმია, მაგრამ არ მიკვირს. მუდმივი აკრძალვები და უსასრულო სამხედრო კონფლიქტები ჩემი ქვეყნის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ამ აკრძალვებისა და საბრძოლო დაპირისპირებების ჭეშმარიტ მიზეზებს ვერავინ ხსნის“.
მუსიკოსის „ანტისახელმწიფოებრივი დემარში“ შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა ბორის გრებენშიკოვისათვის ყველა სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა მოითხოვეს. ამისი „ინიციატორი“ „ხალხის რჩეული“, პარტია „ედინაია რასიას“ დეპუტატი ეკატერინა სტენიაკინა გახლდათ. მისი თქმით, ყველა იმ მსახიობსა თუ ხელოვანს, რომლებმაც ამ პერიოდში რუსეთის წინააღმდეგ გააკეთეს განცხადებები და მხარი დაუჭირეს უკრაინას, აუცილებლად უნდა ჩამოერთვათ სახელმწიფო ჯილდოები და ორდენები.