ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პოლიციელზე გახორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დასაკავებლად კიდევ ორ პირს ეძებენ.
მედიის მიერ გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პარლამენეტის წევრის ვასილ ჩიგოგიძის თანაშემწის შვილიშვილის ნათლობის სუფრაზე მყოფ შარაშიძეს და პოლიციელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება შარაშიძის წინამორბედის, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კუჭავას მოხსენიება უკავშირდება. პოლიციელი ჯინჭარაძე კუჭავას ახლო ნათესავია და სიტყვიერ დაპირისპირებას მალე ფიზიკური შეხლა- შემოხლა მოჰყვა. კუჭავა-შარაშიძის დაპირისპირება კი არჩევნებისწინა პერიოდში გამწვავდა, რაც თანამდებობების და პარტიულ სიაში ადგილების გადანაწილებას უკავშირდებოდა.
მკითხველმა უკვე იცის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე შარაშიძე ქუთაისის იზოლატორშია გადაყვანილი,ხოლო პოლიციელს, რომელსაც გამოძიებამდე სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა, ექსპერტიზა ბათუმში უტარდება. პოლიციელის მეუღლე “გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ ჯინჭარაძეს რამდენიმე კაცი ცემდა და დაზიანება თავის არეში და სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს მიღებული.
ხომ არ უკავშირდება ეს ამბავი ყოფილი თავმჯდომარის – კუჭავას და შარაშიძეს შორის არსებულ დაპირისპირებას? _ ამ კითხვაზე პასუხის მიღება „ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესგან ვცადეთ.
„რას მეკითხებით?! კუჭავას მოუვიდა ვინმესთან რამე? რა დაპირისპირება არსებობდა ადრე კუჭავას და შარაშიძეს შორის? თქვენ გაქვთ რამე ინფორმაცია, რომ რაიმე დაპირისპირება აქვთ კუჭავას და შარაშიძეს?! გოგონა, ჟურნალისტი ხარ თუ ვინ ხარ? რეებს მეკითხები? ჩემი აზრი გაინტერესებთ ჰქონდათ თუ არა დაპირისპირება? ხალხმა იჩხუბა ერთმანეთში და მე რა უნდა შევაფასო? ძალიან ცუდი ფაქტია, რომ იჩხუბეს, ერთი რაიონის შვილები არიან და არ უნდა ეჩხუბათ, მაგრამ თუ რაიმე ინციდენტი მოხდა და იჩხუბეს , რა შუაშია კუჭავა?! ვის სუფრაზეც იყვნენ, მეგობრები არიან ერთმანეთის და რაზე იჩხუბეს მე რა ვიცი! გაგებული გაქვთ რაიმე დაპირისპირება?!“_ გვპასუხობს ვასილ ჩიგოგიძე.

































































