„ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ინტერფრაქციულ ჯგუფს შექმნიან, რომელიც საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე იმუშავებს.
“ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში საჯარო დისკუსიის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის მუდმივად იმუშავებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხებზე და ამ პროცესის დაჩქარებაზე.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავააქტიუროთ ყველა ძალისხმევა იმისათვის, რომ მოვახერხოთ და გავალღოთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გაყინული პროცესი და ამ მიმართულებით გადაიდგას რეალური ნაბიჯები
ასევე მან აღნიშნა, რომ ფრაქციები საქართველოს განვითარების მიმართულებით, ეროვნული პროგრამის შემუშავებაზეც ფიქრობენ.
„შევთანხმდით, რომ ასეთი შეხვედრები რეგულარულად იქნება. ფრაქციები „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შემდეგ კვირაში ხელს მოვაწერთ ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მუდმივად იმუშავებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე და ამ პროცესის დაჩქარებაზე. ასევე, ვფიქრობთ, რომ ერთად უნდა შევიმუშაოთ ეროვნული პროგრამა საქართველოს განვითარების მიმართულებით, იმიტომ, რომ დეკლარაციების დრო დასრულდა. ახლა, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ, ქვეყანამ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება ნატო-ში გაწევრიანების გზით. შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ამით დიდი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ განვაახლოთ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხის შესახებ მსჯელობა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ფრაქციების, “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” და “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” ორგანიზებით დღეს, 19 ივნისს, პარლამენტში საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობების შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე განიხილავდნენ “დიდი შვიდეულის”, NATO-ს და აშშ-რუსეთის სამიტებს.
ავტორი: მერაბ ცაავა