საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში იმყოფება, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას. სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა პოლონეთის სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან გამართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სენატის მარშალს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცლებეული ინფორმაციით, მხარეებმა პოლონეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღნიშნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა.
სტანისლავ კარჩევსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე, აქტიურად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას.
შეხვედრაზე ისაუბრეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებ, რომელიც 26-29 მაისს თბილისში გაიმართება და რომელსაც პოლონეთის დელეგაცია დაესწრება.
მხარეები გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.