საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის მარტის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 5 071 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 95.4% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 4.6% -არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 1.159 დონეზე დაფიქსირდა.
ა.წ. მარტის თვეში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (24.4%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან (3.3%-ით) შედარებით.
2017 წლის მარტის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 24.0%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 33.9%-ით გაიზარდა. განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.3%-ით შემცირდა.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარ-მეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 1.138 და 1.835 დონეებზე დაფიქსირდა.
ა.წ. მარტის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 394 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 47.2%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (2 376 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 46.9%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 94.1% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 232 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 39 კოოპერატივი, 17 სააქციო საზოგადოება, 10 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 1 კომანდიტური საზოგადოება, 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2017 წლის მარტის თვეში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის მიხედვით გამოიყო ტერიტორიული ერთეულების ტოპ ათეული და გამოვლინდა აღნიშნული მონაცემების ზრდა/კლების ტენდენცია წინა თვესთან და წინა წლის იმავე თვესთან შედარებით. (R)