8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბელარუსს უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა მატჩის ბედი ჯერ უცნობია.
პანდემიიდან გამომდინარე ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ მატჩის გამართვა რეკომენდებული არ არის.
„ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით. 8 რიცხვამდე საბჭო კიდევ ერთხელ შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ცნობილი. ჩვენ რეკომენდაცია მივეცით, რომ ამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მატჩის გამართვა რეკომენდირებული არ არის, – ამბობს ტიკარაძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველო- ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი გულშემატკივრების გარეშე უნდა ჩატარდეს.
„ჩემი პირადი რეკომენდაცია არის ის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფამ ეს გადასაწყვეტად ქვეყნებს დაუტოვა, სტადიონის საერთო მაყურებლის 30%-ის დასწრებით.
ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტი რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.