ლანჩხუთში 2015-2016 წლებში გახორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო აუდიტი საკმაოდ სკანდალურ დასკვნას წერს. სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს ვარაუდით, ტენდერების დროს ფასების კონტროლის მიზნით, ადგილი ჰქონდა პრეტენდენტი კომპანიების მხრიდან ურთიერთშეთანხმებას, რის გამოც არ ხდებოდა თანხის დაზოგვა, რაც ტენდერის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს.
იკვეთება თუ არა ყოველივე ზემოაღნიშნულში მაღალჩინოსანთა ინტერესები, ამაზე სახელმწიფო აუდიტის დასკვნა არაფერს ამბობს. თუმცა, აქვე მინიშნებულია, რომ მხოლოდ ორი ტენდერიდან არაეკონომიურად მოხდა 200 ათასი ლარის გახარჯვა, რაც სოლიდურ თანხას წარმოადგენს.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2015-2016 წლებში „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ პროგრამაზე მუნიციპალიტეტმა 19 939,0 ათასი ლარი დახარჯა, აქედან, 2015 წელს _ 10 466,6 ათასი ლარი, ხოლო 2016 წელს _ 9472, 4 ათასი ლარი.
აღნიშნული თანხით გახორციელდა ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების კეთილმოწყობა, მუნიციპალიტეტის დასუფთავება, დასასვენებელი პარკებისა და სკვერების ექსპლუატაცია-რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელისა და წყალსადენის შიდა ქსელის მოვლა-შენახვა, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა და ასე შემდეგ.
როგორც დასკვნაშია ნათქვამი, წესისამებრ, სატენდერო წინადადების წარდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია, დაეთანხმოს აფიდავიტის მოთხოვნებს და დაადასტუროს, რომ მის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება შედგენილია კონკურენტისგან დამოუკიდებლად, მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით და რომ პრეტენდენტებს შორის არ ყოფილა კომუნიკაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა _ სატენდერო წინადადების ფასი, სატენდერო წინადადების წარდგენა და სხვა ამგვარი გარემოებები.
როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, 2015-2016 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები. შესყიდვის პროცესის შესწავლისას კი გამოვლინდა, რომ ტენდერში მონაწილე პირები, დიდი ალბათობით, მოქმედებდნენ შეთანხმებულად და მეტი სარგებლის მიღების მიზნით, არღვევდნენ აფიდავიტის ზემონახსენებ მოთხოვნებს.
2016 წლის ივლისში მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით 542 ათასი ლარი და შესყიდვის საგანს წარმოადგენდა სტიქიით დაზიანებული ობიექტების ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები. სატენდერო დოკუმენტაციით, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს მიმდინარე და უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უნდა ჰქონოდა ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, საერთო ღირებულებით 1,5 მლნ. ლარი, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჰყოლოდა სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალი და ასე შემდეგ.
ტენდერში მონაწილეობა ხუთმა პრეტენდენტმა მიიღო.
შპს „სამკუთხედს“ არ გააჩნდა საკმარისი ანალოგიური გამოცდილება, რაც მის მიერ ატვირთული წერილიდან და ტექნიკური დოკუმენტაციიდან ირკვევა. შპს „ალფა+“ 2016 წლის 21 მარტს, ტენდერის გამოცხადებამდე სამი თვით ადრე დაფუძნდა და მას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ ბაზაში საერთოდ არ უფიქსირდებოდა სამუშაო გამოცდილება, რაც ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის ცნობილი იქნებოდა.
შპს „კაპიტალს“ კი, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიხედვით, არ გააჩნდა საკმარის ნაპირსამაგრი სამუშაო გამოცდილება, რაც, ასევე, ცნობილი იქნებოდა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის ვარაუდით, ეს ფირმები ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ, რომ არ დაგდებულიყო ფასები, რითაც დაზარალდებოდა სახელმწიფო. ტენდერში მონაწილე ხუთი პრეტენდენტიდან სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების რესურსი მხოლოდ ორს გააჩნდა: შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“ და შპს „პალადა“.
სატენდერო კომისიამ „ვლადნეფტპროდუქტს“ მოსთხოვა დაეზუსტებინა ორგანიზაციის გამოცდილება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ხარჯთაღრიცხვა. პრეტენდენტმა არ დააზუსტა აღნიშნული დოკუმენტაცია, რის შედეგადაც მისი დისკვალიფიკაცია მოხდა. ტენდერში გამარჯვებულად კი „პალადა“ გამოცხადდა და მასთან 542 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულებაც გაფორმდა.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, იმ გარემოებას, რომ „ვლადნეფტპროდუქტს“ გააჩნდა სათანადო რესურსი, დაეზუსტებინა ტექნიკური დოკუმენტაცია, ადასტურებს 2015 წლის აგვისტოში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი მდინარე სუფსაზე ნაპირსამაგრის მოწყობაზე, სადაც გამარჯვებულად გამოცხადდა აღნიშნული კომპანია და 2,1 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულებაც გაუფორმდა.
გამოდის, რომ კომპანიას უკვე ჰქონდა ორმილიონიანი სამუშაო შესრულებული და გასაკვირია, რატომ ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია. აუდიტის დასკვნის მიხედვით, არის ალბათობა, რომ „ვლადნეფტპროდუქტი“ და „პალადა“ ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ და მეტი სარგებელის მიღების მიზნით, არღვევდნენ აფიდავიტის პირობებს, რომ მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, პრეტენდენტებს შორის არ უნდა მოხდეს შეთანხმება.
საბოლოოდ, სუფსაზე ნაპირსამაგრის მოსაწყობად ხელშეკრულება შპს „პალადას“ გაუფორმდა, რომლის ღირებულებაც 62,9 ათასი ლარით აჭარბებს შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ მიერ საბოლოოდ შეთავაზებულ სატენდერო წინადადებას.
ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა 2016 წლის აგვისტოში მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგად დაზიანებული გაბიონების აღდგენისთვის გამოცხადებულ ტენდერზე, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 709,6 ათასი ლარი იყო. შესყიდვაში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა _ შპს „ვლადნეფტპროდუქტმა“, შპს „პალადამ“ და შპს „ალფა+“-მა. თუმცა, წინასწარვე ცხადი იყო, რომ „ალფა+“ რეალური კონკურენტი ვერ იქნებოდა, ვინაიდან იგი ტენდერის გამოცხადებამდე ოთხი თვით ადრე დაფუძნდა და შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ უფიქსირდებოდა სამუშაო გამოცდილება.
მიუხედავად იმისა, რომ შპს „ვლადნეფტპროდუქტს“ რეალურად გააჩნდა რესურსი, დაეკმაყოფილებინა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები, მან არ დააზუსტა ტექნიკური დოკუმენტაცია და ამ შემთხვევაშიც გამარჯვებულად „პალადა“ გამოცხადდა. მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება კი 124,6 ათასი ლარით აღემატებოდა შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ მიერ საბოლოოდ შეთავაზებულ სატენდერო წინადადებას.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ამბობს, რომ, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს შეეძლოთ, გამოევლინათ აფიდავიტის დარღვევის რისკები. ზემოგანხილულ ორივე ტენდერში შპს „პალადამ“ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოადგინა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდინარე სუფსაზე ჩატარებული ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები. არადა, ამ ობიექტზე ის იყო შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ ქვეკონტრაქტორი. ამასთან, აუდიტს ამ ორი კომპანიის ურთიერთობა იმის გამოც აეჭვებს, რომ შპს „ვლადნეფტროდუქტს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის 2016 წლის აპრილში აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად გაფორმებულ ხელშეკრულებისას წარმოდგენილი ქონდა საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია, სადაც თავდები იყო შპს „პლადას“ დირექტორი.
სახელმწიფო აუდიტის ვარაუდით, ზემონახსენები ტენდერებისას პრეტენდენტები მოქმედებდნენ შეთანხმებულად და არღვევდნენ აფიდავიტს მოთხოვნებს. მუნიციპალიტეტში კი შესაბამის პასუხისმგებელ პირებს არ უმსჯელიათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არც შესაბამისი ღონისძიებები გაუტარებიათ.
თუ შევადარებთ დისკვალიფიცირებული „ვლადნეფტპროდუქტის“ სატენდერო წინადადებას, ორივე ტენდერზე, ჯამურად, 1064,9 ათასი ლარი დაფიქსირდა, მუნიციპალიტეტმა კი ხელშეკრულება შპს „პალადასთან“ 1252,4 ათას ლარზე გააფორმა. მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა კი ვერ გამოავლინეს აფიდავიტის შესაძლო დარღვევის ფაქტები, რის გამოც ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 187,5 ათასი ლარით აღემატება დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ საბოლოო ფასს. რის გამოც, აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბიუჯეტიდან 187,5 ათასი ლარის არაეკონომიური გახარჯვა მოხდა.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შესაბამის პასუხისმგებელ პირებს არ უმსჯელიათ აფიდავიტის დარღვევის შესაძლო რისკებზე, მაშინ, როცა ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები, სავარაუდოდ, არღვევდნენ აფიდავიტის მოთხოვნებს. მუნიციპალიტეტმა დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის დაუზუსტებლობის ან ხელშეკრულების გაფორმებისგან თავის არიდების შემთხვევაში ყურადღება უნდა გაამახვილოს აფიდავიტის შესაძლო დარღვევის რისკებზე. ამასთან, შეიმუშაოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები პრეტენდენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამოსავლენად და გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები“, _ ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, სადაც, ასევე, მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტმა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები იმ პირების მიმართაც უნდა განახორციელოს, რომელთაც აფიდავიტის პირობების დარღვევის გამოვლენა და სათანადო რეაგირება ევალებოდათ.