ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მუქარის, რომელიც ბირთვული და სარაკეტო მილიტარიზაციის შეჩერებას ეხება, არ ეშინია და რომ ქვეყანა ომისთვის მზადაა. აღნიშნულ ინფორმაციას THE DAILY MAIL ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადება, ჩრდილოეთ კორეაზე მეტი ზეწოლის განხორციელებისა და შესაძლო სამხედრო ქმედებების შესახებ, გააკრიტიკა.
გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ვიდეოც გაავრცელა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების თვითმფრინავს აფეთქებს, თუმხცა ეს მისი მხრიდან ვიდეოს გავრცელების პირველი შემთხვევა არ არის და 2013 წელს ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩრდილოეთ კორეელი კაცი ვაშინგტონსა და ნიუ იორკში რაკეტების წვიმაზე ოცნებობდა.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოში შექმნილ ვითარებას თვალი უნდა გაუსწოროს. ჩრდილოეთ კორეას აქვს სურვილი და შესაძლებლობა უპასუხოს ნებისმიერ ომს, რისი გაღვივებაც აშშ-ს უნდა“,_აღნიშნული განცხადება მაუწყებლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გააკეთა.
„თუ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სათავეში აღმოჩენილი ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ კორეას დააშინებს, უნდა იცოდეს, რომ მისი მეთოდი არ მუშაობს“,_აცხადებს ის.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების გამკაცრებას ბირთვული გამოცდების გამო აპირებს, თუმცა, ანალიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ჩრდილოეთ კორეისთვის გამკაცრებული სანქციების ეფექტუნარიანობას.
გავრცელებული ცნობით, გასულ წელს ჩრდილოეთ კორეამ 2 საცდელი ბირთვული აფეთქება და 24 ბალისტიკური რაკეტის გამოცდა განახორციელა.
მაუწყებლის ცნობით, ტილერსონი იაპონიას, სამხრეთ კორეას და ჩინეთს ახლახანს ესტუმრა, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე ორიენტირებულები არიან.
როგორც მან შეხვედრების შემდეგ განაცხადა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა დასრულდა და ლიდერები დიპლომატიური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზომების ახალ სპექტრს სწავლობენ.