“მადლობას ვუხდით საჩხერის გამგებელს მალხაზ ბაზაძეს და ჭიათურის გამგებელს ზურაბ კუპატაძეს, რომ ხელი შეუწყვეს მრევლის ჩამოსვლას ეპარქიიდან თბილისში,” _ ეს სიტყვები, რომლებსაც პარლამენტთან გამართული აქციის ერთ-ერთი გამომსვლელი ამბობს, კარგად ისმის ინტერნეტგამოცემა news.on.ge-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
“გურია ნიუსი” საჩხერის გამგებელს მალხაზ ბაზაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ დღისთვის არანაირი თანხა არ დაუხარჯავს:
“ნამდვილად არ ვიცი, რისთვის მიხდიან მადლობას. არანაირი დახმარება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და არც პირადად ჩემგან არ ყოფილა,” _ გვითხრა მალხაზ ბაზაძემ.
“გურია ნიუსი” ჭიათურის გამგებელთან ან გამგეობის პრესსამსახურთან დაკავშირებასაც ცდილობს.
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, უკვე 4 წელია, საქართველოში ასევე აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე.
სასულიერო პირები და მრევლი დღეს დილიდან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ.
ფოტო: news.on.ge