31 დეკემბერს ხანძარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში. როგორც უკვე ვწერდით, ცეცხლა ლევან დუმბაძის საცხოვრებელი სახლი ისე გაანადგურა მთლიანად, რომ სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ შეძლეს. რადგან მთიანი სოფელი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან მოშორებითაა, სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ვერ შეძლო დროულად მისვლა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თვიანთი 3 მცირეწლოვანი შვილით ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ.
მას შემდეგ, რაც “გურია ნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ დუმბაძეების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება, არაერთი მოქალაქე დაგვიკავშირდა, რომლებიც ოჯახს თავშესაფარს სთავაზობენ.
“გურია ნიუსი” მუნიციპალიტეტის მერს, დავით შარაშიძეს დაუკავშირდა. შარაშიძის თქმით, ოჯახი ამ ეტაპზე უზრუნველყოფილია.
“უზრუნველყოფილნი არიან ყველაფრით. ჩვენ, რაც კანონით გვაქვს გათვალისწინებული, დავეხმარებით. გუშინ ოჯახში ვიყავით და მოვინახულეთ”, _ გვითხრა დავით შარაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ დუმბაძეების მეგობრებმა წამოიწყეს კამპანია ლევან დუმბაძის ოჯახის დასახმარებლად.