საყდრისის კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კომპანია RMG-მ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი დააზიანა განცხადებით ეხმაურებიან კომპანიაში.
RMG-ში ამბობენ, რომ “კომპანიის საქმიანობა არ ეხება სამონასტრო კომპლექსს და არც გარშემო ტერიტორიას”:
“კომპანია RMG-ი თანამშრომლობს ფიტარეთის მოქმედი სამონასტრო კომპლექსის ოფიციალურ და საეკლესიო პირებთან. ჩვენი თანამშრომლობა შეეხება სამონასტრო კომპლექსის დაცვისა და მასზე მზრუნველობის საკითხებს.
ამჯერად, მონასტრის მომსახურე პირებმა მოგვმართეს ტექნიკური დახმარების თხოვნით და ჩვენ მათ მხოლოდ ტექნიკა ვათხოვეთ. შესაბამისად, სამუშაოთა დაგეგმვასა და წარმოებაზე ჩვენი კომპანია არ არის პასუხისმგებელი.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული საკითხის დეტალები კარგად იციან საყდრისის კომიტეტშიც. ამის მიუხედავად კომიტეტის მხრიდან კომპანია RMG-ს მიმართ, ჩვენი მოსაზრებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია.
ვფიქრობთ, კომპანია RMG-ის მიმართ საყდრისის კომიტეტის წევრები დაგეგმილად და მიზანმიმართულად ავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ჩვენი მხრიდან, კომიტეტთან არაერთ გზის გამოვთქვით საქმიანი და კონკრეტული ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი.
ამის მიუხედავად, მათი მხრიდან მუდმივად არის ფაქტების დამახინჯებისა და ინფორმაციის მათთვის სასურველი ინტერპრეტაციით გავრცელების მცდელობები. აღნიშნული ორგანიზაცია, მსგავსი განცხადებებით ახორციელებს არა მხოლოდ ჩვენი საქმიანი რეპუტაციის შემლახავ და ცილისმწამებლურ კამპანიას, არამედ ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას” _ აღნიშნულია კომპანიაში.
კომიტეტმა შესაბამისი ფოტო მასალაც წარმოადგინა და პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.