დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკშია, რომელიც, სავარაუდოდ, ორ კვირამდე გაგრძელდება.
„სიტუაცია უპირველეს ყოვლისა, ჩემი პირადი მოსაზრებით დაკავშირებული არის სეზონთან და ამ სეზონზე რესპირაციული ინფექციები ყოველთვის უფრო აქტიური გავრცელებით გამოირჩევა და კოვიდი ჯერჯერობით მწვავე რესპირაციულ ინფექციათა რიგში იმეორებს იმ სეზონურ ხასიათს, რაც დამახასიათებელია ამ ტიპის ვირუსებისთვის.
ჩვენ ახლა ნამდვილად შევდივართ პიკში, პიკური გავრცელების ეტაპი გვაქვს. ჩვენი ვარაუდით და რამდენიმე გათვლაზე დაფუძნებით, ასეთი სიტუაცია ალბათ უნდა გაგრძელდეს მაქსიმუმ კვირა-კვირანახევარი, შეიძლება ორ კვირამდე, რის მერეც შემთხვევების კლების ტენდენცია დაიწყებს უკვე და წარმოგვიდგება ქვეყანაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე ერთიანად მოიხსნება და ასე ვთქვათ ამოისუნთქებს სისტემა, ვინაიდან მძიმე შემთხვევების გარკვეული ეტაპი უკვე მოგვიანებით ეტაპზეც გვეყოლება, მათ შორის იქნება ლეტალურად დასრულებული შემთხვევები“, – ამის შესახებ ხათუნა ზახაშვილმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.
ცნობისათვის, დღეს საქართველოში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა.