დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განმარტა, როდემდე შეეძლებათ B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა. კალაძის თქმით, აღნიშნული კატეგორიის ტაქსებს საქმიანობის უფლება 2022 წლამდე ეძლევათ.
კახა კალაძის თქმით, გადაწყვეტილება არსებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო მიიღეს.
„B კატეგორიაში, ჩვენ, მარჯვენასაჭიან ავტომობილის მძღოლებს მივეცით ამ სერვისის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა ეს იყო დროში შეზღუდული. ამის უფლება ჰქონდათ 2021 წლამდე. ახლა ყველას კარგად გვესმის არსებული რთული ვითარება, პანდემია, ეკონომიკური პრობლემები და გვინდა, ეს უფლება ერთი წლით გავუხანგრძლივოთ. B კატეგორიის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს, კიდევ ერთი წლის ვადით 2022 წლამდე, ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერისა და თანადგომის თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.