18 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით ჰაერის ტემპერატურის მცირედი დაკლებაა მოსალოდნელი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დაიკლებს როგორც დღის, ასევე ღამის ტემპერატურა. კახეთში, თბილისში, ცალკეულ რაიონებში შესაძლოა დარჩეს მინიმალური ტემპერატურები +21, +23 გრადუსის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში სინოტივესთან ერთად მინიმალური ტემპერატურა +26 გრადუსის ფარგლებში ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა რომ დღის მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობში და სანაპირო რაიონებში +32, +35 გრადუსია. აღმოსავლეთ საქართველოში ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ჰაერის მაღალ ტემპერატურას, +38 გრადუსს დედაქალაქში, ასევე ცხელია შიდა ქართლიც, სადაც +37 გრადუსი ფიქსირდება, კახეთში ცოტა ნაკლები, +35 გრადუსი.
ამ ტემპერატურებთან შედარებით 18 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა 1 ან 2 გრადუსით დაიკლებს. თუმცა, ადამიანს სინოტივის გამო მაინც ექნება შეგრძნება რომ ცხელა.
17 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 18 აგვისტოდან კი 20 აგვისტოს ჩათვლით ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ცვალებადი მიმართულების ქარის გაძლიერება და სეტყვა”,_ გვითხრა გვაზავამ.