3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შშმ პირთა მხარდაჭერისთვის სამინისტროს მიერ ხორციელდება არაერთი პროგრამა თუ სერვისი:
სახელმწიფო შშმ პირებისათვის ყოველწლიურად ახორციელებს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან სხვადასხვა მომსახურებით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურებას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ანაზღაურებადი სამუშაოს მოძიებასა და მის შენარჩუნებაში დახმარების გაწევას.
შშმ პირები სარგებლობენ სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით, რომელიც ითვალისწინებს, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას.
შშმ პირთა დასაქმებისთვის იმართება დასაქმების ფორუმები.
შშმ პირებისათვის ჯანმრთელობის დაცვა ხელმისაწვდომია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” საშუალებით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითვე ხდება კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფა.
2023 წლიდან, შშმ პირთა სოციალური პაკეტის ყოველწლიური ზრდისთვის, ინდექსაციის მექანიზმი ამოქმედდა, რომლის თანახმად, შშმ პირები ყოველწლიურად ინფლაციის შესაბამისად, გაზრდილ გასაცემელს მიიღებენ.
2024 წლიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი იზრდება 50 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიის შშმ პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება 20 ლარით.