საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს და პარტიაში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს, კანდიდატის დასახელება კი ივლის-აგვისტომდე არ მოხდება.
„მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები. ეს კონსულტაციები, ალბათ, ახლო მომავალში დასრულდება. მალევე გვეყოლება, სავარაუდოდ, პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა ვფიქრობთ, რომ არ იქნება სწორი ივლისს–აგვისტომდე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელება“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოქმედ პრეზიდენტს, მარგველაშვილს არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვს.
„საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ყველას აქვს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოქმედ პრეზიდენტს. თუმცა, რაც შეეხება წარმატების შანსებს, დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა გიორგი მარგველაშვილს არ აქვს. ეს არის დღევანდელი რეალობა. სავარაუდოდ, კონკურენცია წარიმართება იგივე რესურსებით, როგორიც ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს ბოლო მუნიციპალურ არჩევნებში და ხმებიც, ვვარაუდობ, რომ დაახლოებით ისევე გადანაწილდება, როგორც ეს ხმები გადანაწილდა მუნიციპალურ არჩევნებში“, _ განაცხადა კობახიძემ.