ხე-ტყის დამზადებისა და მიწოდების ერთაინი გამართული სისტემის დანერგვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით „საქმიანი ეზოების“ მოწყობა მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწყობილია 40 „საქმიანი ეზო“; დამატებით 17 ახალი „საქმიანი ეზოს“ მოწყობა წლის ბოლომდე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში დასრულდება.
„საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე მცხეთა-მთიანეთში, სოფელ ყუდროში გაეცნო.
„საქმიანი ეზოებიდან მოსახლეობა შეძლებს საშეშე, ასევე სამასალე მერქნის შეძენას უკვე დამზადებული პროდუქტის სახით და მათ არ მოუწევთ ამისთვის საკუთარი რესურსების მოძიება და ტყეში საფრთხის შემცველი საქმიანობის წარმოება. გეგმის მიხედვით, „საქმიანი ეზო“ ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა და შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსებით აღიჭურვება. ჩვენ შევისყიდეთ სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგნტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტი – „ECO.Georgia” დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელია ეროვნული სატყეო სააგენტო. პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოიცავს 8 სამინზე მუნიციპალიტეტს საქართველოს 3 რეგიონში და მიზნად ისახავს საქართვლოს ტყეებზე ზეწოლის შემცირებას, ტყის მდგრადი მართვისთვის საჭირო ყველა ღონისძიების განხორციელების გზით.