საქართველოს მთავრობის პირობით, პროექტის შესაბამისად, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, ლანჩხუთის 12 სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება 2023 წლის ბოლოსთვის ექნება და 7600 ადამიანი შეძლებს, ისარგებლოს ამ სიკეთით.
ლანჩხუთის მერიის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით, 25 მილიონი ლარია. ამ დროისთვის დასრულებულია პროექტირება, მიმდინარეობს გაბურღვითი სამუშაოები, მალე დაიწყება მილების ჩაწყობა და სამუშაოები 2023 წლის აგვისტოს თვისთვის უნდა დასრულდეს.
აღნიშნულ ინფორმაციას სოფელ მოედნის მკვიდრი ანდრია ტუღუში ეხმაურება და მუნიციპალიტეტის მესვეურებს კითხვით მიმართავს: “მოედანმა რა დააშავა ასეთი და რით ვერ გამოისყიდა, არც წყალი და არც გაზი რომ არ გვეღირსა?!”
ფაქტია, რომ ლანჩხუთის სოფლების მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური პრობლემას სწორედ რომ წყლის მიწოდება წარმოადგენს. მათ ჩამონათვალშია სოფელი მოედანიც.
როგორც მერიის პიარი მაკა სულაბერიძე ზემოთ ნახსენები კითხვის პასუხად განმარტავს, მუნიციპალიტეტს გეგმაში აქვს სოფელ მოედანში როგორც წყლის, ისე გაზიფიცირების საკითხის მოგვარება:
“გაზზე საპროექტო სამუშაოები დასრულდა, 2023 წლიდან მუნიციპალიტეტის 16 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები იწყება, მათ შორისაა სოფელი მოედანი. რაც შეეხება წყალს, ამ პრობლემის მოგვარებაც იგეგმება”.
ავტორი