ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, სარვამარტო ღონისძიება ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრ ქალებს მიეძღვნა – მათ, ვინც ძუძუს კიბო დაამარცხეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრები, ოზურგეთის რესურსცენტრის დირექტორი ლელა იმედაშვილი და კულტურულ-საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს წარმომადგენელი, მეწარმე ქალბატონები, მშობლები და მოზარდები. გამოსვლელებმა ისაუბრეს ძუძუს კიბოს პრევენციასა და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებასა და აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობაზე. საინფორმაციო-პრევენციულ შეხვედრას სადღესასწაულო განწყობა შესძინეს ანსამბლებმა -,,შვიდკაცამ’’ და ,,რეხეულმა’’; მუსიკოსმა თემურ ანდღულაძემ და მსახიობმა ბელა კიკვაძემ. სახელმწიფო ცენტრი მხარს უჭერს ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბს’’ და მომავალშიც ჩაატარებს მსგავს ღონისძიებებს.
ცნობისთვის, „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ აერთიანებს იმ ქალბატონებს, რომელთაც დაამარცხეს სიმსივნე. კლუბი ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით სხვადასხვა საინტერესო პროექტებს ახორციელებს, ეს არის მიზნობრივი სამედიცინო კვლევების დაფინანსება, სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ორგანიზება, ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისი და ა.შ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი ყოველთვის დააფინანსებს იმ სასიკეთო წამოწყებებს, რომლებიც ქალებს და მათ ჯანმრთელობას ეხება.
ღონისძიება მხატვრულად ოზურგეთში მოქმედმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და სახელმწიფო, დრამატული თეატრის მსახიობებმა გააფორმეს.