ტრადიციისამებრ, 14 იანვარს ანუ ძველ ახალწელიწადს ქართულ ოჯახებში კიდევ ერთხელ ითქმევა ქვეყნისა და ღმერთის სადიდებელი.
ახალი წლის დღესასწაული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მეტ-ნაკლები თავისებურებით ხასიათდება. განსაკუთრებით გამორჩევა გურული კალანდა. თავის დროზე იგი წარმართული სანახაობა იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში სახე იცვალა.
გურიაში კალანდის წინა დღეს ცხემლისჭრა ეწოდებოდა. ამ დღეს ოჯახის წევრი მამაკაცი ტყეში მოჭრიდა ცხემლის ხეს და დაამზადებდა საახალწლო შეშას, შეიტანდა შინ, დააპობდა, დააწყობდა მშრალ ადგილას ან აიტანდა სხვენზე და შუაცეცხლის პირდაპირ დააწყობდა გასაშრობად. ცხემლისჭრა დღეს ვახშმად მოხარშავდნენ ფრინველებს (ქათამი, ბატი, იხვი, ინდაური), ცალკე მოამზადებდნენ კუჭმაჭსა და თავ-ფეხს, გამოაცხობდნენ საგანგებოდ ცხემლისჭრის პურს (ხაჭაპურს). საღამოს აანთებდნენ შინ ჩამოქნილ თაფლის სანთლებს და შეუდგებოდნენ ვახშამს. ღვინის სმის დროს დაილოცებოდნენ: “მრავალს ცხემლისჭრა დღეს დაგვასწროს ღმერთმაო”.
ცხემლისჭრა დღეს უნდა მოემზადებინათ ჩიჩილაკიც. ამ დღეს ტყეში მოძებნიდნენ დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის, უმეტესად თხილის სწორ, როგორც გურიაში იტყვიან, აშოლტილ ხეს, მოჭრიდნენ ძირში. საჩიჩილაკე ღეროს ცოტა ხნით ცეცხლზე გააჩერებდნენ, რათა რბილი და დრეკადი გამხდარიყო. როცა კანი ტკაცუნს დაიწყებდა, გამოიღებდნენ, შემოაცლიდნენ დამწვარ კანს და
მჭრელი დანით იწყებდნენ მის ჩამოხდას. წვრილი ნათალი ერთი ბოლოდან მეორემდე ფრთხილად მიჰყავდათ ისე, რომ არ შემწყდარიყო. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ მიუახლოვდებოდნენ მერქნის გულს. აქ კანის ჩამოხდას წყვეტდნენ, რადგან შეიძლებოდა ღერო გადამტრეულიყო. შემდეგ იწყებოდა მეორე ეტაპი – ჩიჩილაკის მორთვა. მას უკეთებდნენ ჯვრის ფორმის სადგამს. ჯვარს ჩიჩილაკს თავზეც ადგამდნენ, ოღონდ იგი უფრო პატარა ზომისა იყო. ჩიჩილაკს რთავდნენ სხვადასხვა ხილით, თხილის ჩურჩხელებით, კურკანტელის, სუროს ტოტებით. საზამთროდ შენახული ყურძნის აკიდოთი და სხვადასხვა ტკბილეულით. მოკაზმულ ჩიჩილაკს გამოსაჩენ ადგილას დადგამდნენ.
ავტორი