9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ოზურგეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ ლიხაურში 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ნინო თოიძის ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა. მათ მის საფლავზე რამდენიმე საგალობელი შეასრულეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი.
33 წლის წინ, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.