ფერისცვალების დღესასწაულს ტრადიციულად განსაკუთრებულად აღნიშნავენ ბახმაროში – დოღით, ალტერნატიული მუსიკის ფესტივალით Bakhmaro Sun Set Fest.
წლეულს, პანდემიის გამო, ბახმაროში ტრადიციული ღონისძიებები აღარ გამართულა. დილით, ფერისცვალების ეკლესიაში საზეიმო წირვა მეუფე იოსებმა გურიის სამღვდელოებასთან ერთად ჩაატარა. წირვას გუბერნიის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბახმაროს სტუმრობდნენ “ევროპული საქართველოს“ ლიდერები დავით ბაქრაძე და დეპუტატობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი.

ალტერნატიული მუსიკის ფესტივალის Bakhmaro Sun Set Fest-ის დამფუძნებელი ია მამალაძე მიიჩნევს, რომ ხალხმრავალი ღონისძიებების გადადება გონივრული ნაბიჯი იყო:
„ყველაფერზე მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობაა და არავის აქვს უფლება გარისკოს, საფრთხე შეუქმნას ვინმეს სიცოცხლეს. ჩვენი ფესტივალი იმდენად პოპულარულია, რომ საზღვარგარეთიდანაც ვგეგმავდით არტისტების მოწვევას. თუმცა, პანდემიამ ყველას გეგმა შეცვალა_ ადამიანებისაც და ქვეყნებისაც…. იმედი მაქვს, მომავალ წელს ისევ ტრადიციულად ხალხმრავალ, გემოვნებიანი მუსიკით სავსე ფესტივალზე შევხვდებით ერთმანეთს ბახმაროში“,_ ამბობს ია მამალაძე.

გადაღებულია “გურია ნიუსის” დრონის კამერით
“გურია ნიუსი“ გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს და გთავაზობთ ვიდეორგოლს 2018 წლის ბახმარო სან სეტ ფესტიდან.































































