ყოფილი სსრკ-ის პერიოდში, ქართველ სპორტსმენებს ამ „დიადი ქვეყნის“ შემადგენლობაში შემავალი სხვა რესპუბლიკების წარმომადგენლებთან უხდებოდათ ასპარეზობა. იმ ხანად საერთაშორისო სარბიელზე გასვლა მეტად რთული საქმე იყო და ჩვენებურებიც საკუთარ ქართველობასა და პატრიოტიზმს საბჭოთა „ძმური” ეროვნების წარმომადგენლებთან დიდ კონკურენციაში ამტკიცებდნენ.
რჩეულთა ამ კრებულში მოხვედრა იოლი ნამდვილად არ იყო. მაშინ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი არ გახლდათ და მსოფლიო პირველობებზე თუ ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად ქართველ ათლეტებს არაერთი წინააღმდეგობის დაძლევა უხდებოდათ. რუსები სხვა ეროვნების წარმომადგენლებს ზემოდან უყურებდნენ და სხვადასხვა „მოგონილი“ მიზეზის გამო, ჩვენს სპორტსმენებს ხშირად თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებდნენ.
დღევანდელ წერილში რამდენიმე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის წარმატება მსურს გავიხსენო. ამ ხალხს ასპარეზობა რთულ პერიოდში მოუწია და გამარჯვებებს დიდი შრომითა და ოფლისღვრით მიაღწია.
საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა და ნება მომეცით დღევანდელი ოლიმპიური მოგონებების პირველი გმირი წარმოგიდგინოთ. ბატონი გელა კეტაშვილი ფეხბურთში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია. სეულში განვითარებულ მოვლენებს თავად ბატონი გელა გაიხსენებს.
„ მაშინ, 6 თამაში ჩავატარეთ და ყველა თამაში საკმაოდ რთული იყო. ოლიმპიადა ისეთი რამეა, ვერც ერთ თამაშზე ვერ მოდუნდები. თუ მაქსიმალურად მობილიზებული არ ხარ ერთი შეცდომით დაღუპავ გუნდს. ამიტომ, საჭირო იყო მაქსიმალური მობილიზება.
მე ოლიმპიადის წინ მივიღე სერიოზული ტრავმა, ფეხი მოვიტეხე კოჭში, მაგრამ ფეხნატკენი მაინც წამიყვანეს და მთელი ოლიმპიადა ნემსების კეთებით ვითამაშე. ფაქტობრივად, იქ მომარჩინეს. განსაკუთრებით გამოვყოფ ნახევარფინალს და ფინალს, საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავდა. საერთოდ, გამიგია, ცოდვა გამხელილი ჯობიაო და სერიოზული ტრავმა მივაყენე მოწინააღმდეგეს. იმ მომენტში სხვა გზა არ მქონდა. მე რომ ის არ გამეჩერებინა, ღმერთმა იცის, რით დამთავრდებოდა თამაში. მუხლი მოვტეხე მეტოქეს, დღემდე ეს ფაქტი მიმაჩნია ჩემს უდიდეს შეცდომად.
ნახევარფინალს დაემთხვა ჩემი დაბადების დღე. მაშინ შემისრულდა 23 წელი. იყო ასეთი პორტი ინჩხონი და იქ იყო ჩვენი საბჭოთა გემი. იქ ვცხოვრობდით შოუ-ბიზნესის ელიტა და ფეხბურთელები. თამაშის წინა დღეს ანატოლიმ დამიძახა და მითხრა, რომ ჩემთვის საჩუქარი ჰქონდა. მასთან რომ შევედი, ოთახი მოვათვალიერე, ვეძებდი საჩუქარს და ვერაფერი ვნახე. გამიკვირდა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი ბიშოვეცმა მითხრა: „ხვალ რომარიო უნდა ჩაიბაროო“, ეს იყო მისი საჩუქარი. ყველას კარგად მოეხსენება, რომარიო მაშინდელი ვარსკვლავი იყო და გუნდიც საკმაოდ ძლიერი გახლდათ. სხვათა შორის, ვისაც ჩვენ მოვუგეთ სეულში, ოლიმპიადაზე, 1994 წელს, იგივე გუნდი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. წარმოიდგინეთ ახლა, მსოფლიო დონის თავდამსხმელი რომარიო როგორი გასაჩერებელი იყო, მაგრამ, მე ვფიქრობ, და გულშემატკივარიც დამეთანხმება, რომ დავალებას საკმაოდ კარგად გავართვი თავი. ეს ფაქტი თვითონ რომარიომაც აღნიშნა გარკვეული პერიოდის შემდეგ თავის ინტერვიუში. ჩემთვის ძალიან საამაყო იყო. თამაშისა და გამარჯვების შემდეგ, გემზე რა ამბებიც დავატრიალეთ, შოუ-ბიზნესის ელიტასთან, მკითხველის ფანტაზიისთვის მიმინდვია.
იმ პერიოდში ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი მე ვიყავი და იმდენად საჭირო, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ტრავმირებული წამიყვანეს. მაგრამ, ის უნდა ითქვას, რომ მე, როდესაც ტრავმა მივიღე, რუსმა ექიმებმა წითელი ხაზი გადამისვეს. მწვრთნელი მყავდა უკრაინელი და იმან არ გამწირა. იმდენად მენდობოდა ის ადამიანი, ტრავმირებული წამიყვანა და „ნემსებზე მათამაშა“. სხვათა შორის, ექვსივე თამაში ვითამაშეთ ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში თავიდან ბოლომდე – მე, მეკარემ, დობროვოლსკიმ და მიხაილიჩენკომ. საერთოდ კი, ათი თავით მაღლა თუ არ იდექი რუსზე, არ არსებობდა, წარმატებისთვის მიგეღწია. მაგალითად, მე იმდენად დატვირთული ვიყავი, რომ ჩემი მოვალეობის გარდა, ზოგიერთებისთვის დაზღვევაც უნდა გამეკეთებინა“.
რომის ოლიმპიურ თამაშებში სიმაღლეზე მხტომელმა რობერტ შავლაყაძემ ნამდვილი ფურორი მოახდინა და 1960 წლის პირველ სექტემბერს, სსრკ-ის ფორმით მოასპარეზემ მშობლიურ საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. იმ ისტორიული საღამოს პერიპეტიებს ბატონი რობერტი შემდეგნაირად იგონებდა.
„ის დღე არასოდეს დამავიწყდება და ხშირად სიზმარშიც ვხედავ. მე ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი 1960 წლის 1 სექტემბერს. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირიდან ოლიმპიურ თამაშებზე გაშვებულ სპორტსმენებს შორის მეც ვიყავი.
მაშინ ოლიმპიადაზე გამოდიოდა ამერიკელი, მსოფლიოს რეკორდსმენი ტომასი. ოლიმპიურ სოფელში ცხოვრებისას მე და ტომასი დავმეგობრდით და ყველგან ერთად დავდიოდით – სადილზე, ვახშამზე, ხანდახან გასართობადაც კი. იმ პერიოდში ტომასი ძალიან ცნობილი იყო და, გარეთ რომ გამოვდიოდით, ჟურნალისტები, ფოტოკორესპონდენტები მე გვერდზე მწევდნენ და ინტერვიუს მისგან იღებდნენ ხოლმე. ეს მოხდა რამდენჯერმე და სერიოზულად იმოქმედა ჩემს თავმოყვარეობაზე. ერთ-ერთი ასეთი ფაქტის დროს ვთქვი: „რობერტ, შენ არ იყო კაცი და არ იყო ქართველი, თუ ამ ჟურნალისტებსა და ფოტოკორესპონდენტებს ჰიმნზე ფეხზე არ დააყენებ!“ ეს ნატვრა ძალიან მალე ამიხდა, ოღონდ, დიდი შრომისა და დაძაბული ფსიქოლოგიური დატვირთვის შემდეგ. შეჯიბრის დღეს 12 საათი ვიყავი სექტორზე, რაც ძალიან გამიჭირდა.
საერთოდ, სიმაღლეზე ხტომაში მნიშვნელობა აქვს ცდების რაოდენობას. შეიძლება, ნახტომი ერთსა და იმავე სიმაღლეზე იყოს შესრულებული, მაგრამ, ცდა იყოს ნაკლები, მაშინ სპორტსმენი პირველ ადგილზე გადის. მე ყველა გამოსვლა პირველი ცდით გადავლახე. ამიტომაც გავიმარჯვე მე, ქართველმა, ულვაშა რობერტ შავლაყაძემ. ეს იყო განუზომელი სიამაყის გრძნობა, რომ საქართველოში გამარჯვებული მოვდიოდი. ამ შეჯიბრმა დიდი ხნის ოცნება ამისრულა – გავხდი პოპულარული, რაც ყველგან ხელს მიწყობდა.
ოლიმპიური ჩემპიონის შეგრძნება ძალიან მაგარია. ამ გამარჯვებით მე ავუსრულე ჩემი დანაპირები ჟურნალისტებსა და ფოტოკორესპონდენტებს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის სახელით გამოვდიოდი, მაინც ქართველი ვიყავი და ვასახელე ჩემი საქართველო. იმ პერიოდში მსოფლიოს პირველობა მძლეოსნობაში არ ტარდებოდა, მაშინ იყო სოციალისტური ქვეყნების პირველობა და იქაც თითქმის ყველა შეჯიბრი მოვიგე“.
1992 წლის ოლიმპიურ თამაშებს ბარსელონამ უმასპინძლა და ქართველმა ძალოსანმა კახი კახიაშვილმა პირველობა არავის დაუთმო. გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე კახიმ თავისი ქართველობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თბილისში დაბრუნებულ ძალოსანს კი თანამემამულე მაღალჩინოსნებმა საკუთარი უყურადღებობით გული არაერთხელ ატკინეს. ალბათ უმჯობესი იქნება თუ სიტყვას თავად კახის გადავცემთ.
„მხოლოდ 1992 წელს გადაწყდა, რომ საქართველო შევიდოდა „ესენგეს“ შემადგენლობაში და, უფლება მოგვეცა, გამარჯვების შემთხვევაში, აწეულიყო ჩვენი დროშა. მაგრამ მე გაუგებრობაში აღმოვჩნდი, ვინაიდან ვემზადებოდი როსტოვში, განაცხადში ეროვნება შეცდომით ჩამიწერეს და დაჯილდოების დროს რუსეთის დროშა აიწია.
მე, რა თქმა უნდა, არ ავედი კვარცხლბეკზე და დროშის და ჰიმნის გამოცვლა მოვითხოვე. ეს იყო სრული ზეიმი ჩემთვისაც და საქართველოსთვისაც. ინტერვიუში კი განვაცხადე, რომ ჩემს გამარჯვებას ვუძღვნიდი საქართველოს და ჩემს ხალხს ცხინვალში. იმ პერიოდში მამა იქ ცხოვრობდა და ამ ორმა სიტყვამ ისე დადებითად იმოქმედა მათზე, რომ მთელი საღამო, ოსებიც და ქართველებიც, ერთად ზეიმობდნენ ჩემს გამარჯვებას.
საერთოდ, როდესაც გამარჯვებული სპორტსმენი ბრუნდება სამშობლოში, მას აუცილებლად ხვდება აეროპორტში პირველი პირი. ჩემს შემთხვევაში, 1992 წელს, ეს არ მომხდარა – დაბრუნებულ სპორტსმენებს პირველი პირი არ შეგვხვდა. შემდეგ გამარჯვებულებს გადაეცათ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი, რაც მე ვერ ვნახე და, როდესაც მოვითხოვე, მითხრეს, რომ აღებული მქონდა. ხელმოწერა იყო გაყალბებული, მაგრამ, ალბათ, სკანდალის შეეშინდათ და ბოლოს მომცეს, ოღონდ ისე, თითქოს მეორედ გამომატანეს. შემდეგ უკვე თბილისში დაიწყო არეულობა: იყო სამოქალაქო ომი, მას მოჰყვა სამამულო ომიც და სპორტისთვის უკვე აღარავის ეცალა. იმ პერიოდში ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ყველა სფერომ, ამიტომ, დავიწყე ფიქრი, გამომენახა რაღაც საშუალება, რომ არ დავკარგულიყავი როგორც სპორტსმენი. შემოთავაზებები მქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ძალიან მიჭირდა აქედან წასვლა და ასე წელიწადნახევრიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე საბერძნეთში წასვლა“.
ჩვენი დღევანდელი მოგონებების ბოლო სტუმარი ცნობილი ქართველი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი იქნება. ბატონმა შოთამ ოლიმპიური ოქროს მედალი 1980 წელს, მოსკოვში მოიპოვა.
„მინდა ვთქვა, რომ ოლიმპიური თამაშები სპორტული ფორუმის გარდა, ცოტა პოლიტიკურ ელფერსაც ატარებს და თან ფსიქოლოგიური ომია. სპორტსმენი ხდები მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ოლიმპიური ოქროს მოგება ყველაფრის დამაგვირგვინებელია. მაშინ ფინალში შევებრძოლე ზანგ ხუან ვერერს, პირველი წუთიდან ვჯობნიდი და მოვუგე საკმაოდ დამაჯერებლად. ეს იყო ჩემთვის სასწაულის ტოლფასი. ის ღამე სიხარულით საერთოდ არ მძინებია. ამ სიხარულის გადმოცემა ცოტა რთულია. თბილისში, აეროპორტში რომ მომიწყვეს დახვედრა და შემდეგ, ჩემს რაიონში ჩასულს, ხალხი როგორი სიხარულით შემხვდა, მერე დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ჩემმა წარმატებამ ხალხი გაახარა. მოდიოდნენ ადამიანები, მილოცავდნენ, მეფერებოდნენ. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ხალხი ახლაც მესალმება და სითბოს გამოხატავს“.
ავტორი