აღდგომის დღესასწაულისთვის თქვენს სუფრაზე რომ ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ.
ბევრმა დიასახლისმა ჯეჯილის გახარება კარგად იცის, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ახალბედები, რომლებსაც ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ. „რეიტინგი“ ცნობილ ქართველ ფლორისტს, „გარდენია შევარდნაძის“ შემქმნელს ზურაბ შევარდნაძეს ესაუბრა. სწორედ ის გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, როგორ გავახაროთ ჯეჯილი სააღდგომოდ.
_ბატონო ზურა, ახლა აღდგომა მოდის. ტრადიციის მიხედვით, სააღდგომო დეკორაციის განუყოფელი ნაწილია ჯეჯილი, როგორ უნდა გავახაროთ?
– ჯეჯილზე მე ახალი რა უნდა ვთქვა? მე არ მომწონს პატარა თეფშებზე დათესილი ჯეჯილი. დიდ სინებზე ვთესავ. სააღდგომო გამოფენას ვგეგმავთ „გარდენიაში“, ამიტომ გუშინ მოვიტანე ხორბალი, ძველი ლეიბი დავშალე და ორ დღეში დავთესავ ჯეჯილს სპილენძის სინებზე. ძალიან ლამაზია მაგიდებზე ჯეჯილის დიდი მინდვრები.
_რამდენი დღით ადრე უნდა დავთესოთ ჯეჯილი, სააღდგომოდ ლამაზად რომ ყვაოდეს?
– გააჩნია, სად გიდევს. მე გაუთბობელ ოთახში უნდა დავაწყო. ცივ ოთახში რთულად ამოდის ჯეჯილი. თბილ ოთახში კი მესამე დღეს ამოდის. კარგა ხანს ძლებს, მაგრამ როცა თესლი გამოიფიტება, ფერმკრთალდება.