ჩოხატაურში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის შიდა ინტერიერი რემონტს საჭიროებს, რაც კოვიდტესტირების გასაკეთებლად მისული ადამიანების აღშფოთების საგანი გახდა.
21-ე საუკუნეში, კოვიდპანდემიის ფონზე, მაშინ, როცა ჰიგიენის წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოგვიწოდებენ, კოვიდკაბინეტი ჩამონგრეულ კედლებშია განთავსებლი.
ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, იგეგმება თუ არა ჯანდაცვის ცენტრის შენობის შიდა ინტერიერის გარემონტება და უქმნის თუ არა დღეს არსებული მდგომარეობა საფრთხეს ტესტის გასაკეთებლად მისულ მოქალაქეებს.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი ადასტურებს, რომ შენობა სარემონტოა, მაგრამ კაბინეტი, სადაც ხალხი ტესტის გასაკეთებლად მიდის, კეთილმოწყობილია. არის სივრცე დისტანციის დასაცავად. სარემონტო ინტერიერი კი ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
„ჩვენ გვაქვს ცალკე კაბინეტი გაკეთებული, სადაც ხალხი იტარებს ტესტირებას. არის ადგილები, სადაც სარემონტოა. საუბარი შენობის გარემონტების შესახებ მიმდინარეობს. საფრთხე შენობაში შემომსვლელ ადამიანებს არ ექმნებათ. ჩვენი სამსახური განთავსებულია მეორე სართულზე. პირველ სართულზე კი გაკეთებულია კაბინეტი, რომ ადამიანს არ მოუწიოს ზემოთ ამოსვლა. ადამიანებს აქვთ საშუალება, რიგრიგობით შემოვიდნენ შენობაში ან დისტანცია დაიცვან“,_ გვითხრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა.
შენობის გარემონტების შესახებ არსებული ინფორმაციის უფრო დასაზუსტებლად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს დაბაში, გოჩა ჯინჭარაძეს დავუკავშირდით.
ჯინჭარაძემ გვითხრა, რომ მისი მოვალეობა ხელისუფლებამდე პრობლემის მიტანაა. პასუხის გაცემა კი გარემონტდება თუ არა ამ დროისთვის ჩოხატაურის ცენტრში მდებარე ყველაზე პრიორიტეტული ადგილი, არ შეუძლია.
„ჩემი მოვალეობაა ხელმძღვანელობამდე პრობლემის მიტანა. იცით, ჩემი უფროსი ვინცაა და მას უნდა დაუკავშირდეთ. ტყუილს ხომ არ გეტყვით. შემიძლია მოვიკითხო, მაგრამ პირდაპირ დაუკავშირდით “,_ გვითხრა ჯინჭარაძემ.
ჯინჭარაძესთან საუბრის შემდეგ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დავურეკეთ.
სატელეფონო საუბრის დროს, მერი ამბობს, რომ ადგილი, რომელიც კოვიდპანდემიის ფონზე ჩოხატაურში ყველაზე პრიორიტეტული გახდა, ამ ეტაპზე არ გარემონტდება.
„გარე ფასადს ამ ეტაპზე არაფერი სჭირდება. ჩოხატაურის ცენტრის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში კი შენობის შიდა ტერიტორიის რეაბილიტაცია არ იგეგმება. შიგნით სივრცეში ყველა პირობაა ამ წუთას იმისთვის რომ ჯანდაცვის ცენტრმა თავისი მოვალეობა შეასრულოს. შესასვლელშიც კი მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ხდება ტესტირებები. შიგნით ტერიტორია სარემონტოა, მაგრამ, შესაძლოა, ინვესტორი გამოჩნდეს მომავალში. მე არ ვიცი, ეს როგორ წარიმართება. ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივი ხელმძღვანელობა რა პრობლემებსაც აყენებს, ჩვენ იმას ვუწყვეტთ _ ეს იქნება ტრანსპორტის მომსახურება, სივრცის შექმნა. ამ მხრივ ხელშეშლა არ არის. სარემონტო ინტერიერი კი მათი ფუნქციის გახორციელებას ხელს არ უშლის“,_ გვითხრა კუჭავამ.
[sexy_author_bio]