ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძართან ბრძოლა გრძელდება.
“მეხანძრე–მაშველების მიერ მოხდა გარკვეულ სექტორებზე ხანძრის ლიკვიდაცია. არსებობს ლოკალიზებური უბნები და ასევე აქტიური უბნები. ავიაციის დახმარებით საკმაოდ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სიტუაცია. მოხდა ხანძრის კერების ლოკალიზება და ლიკვიდაცია. მეხანძრე– მაშველები, 24 საათის განმავლობაში, განსაკუთრებულ დეპარტამენტის და თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობასთან ერთად მუშაობენ ხანძრის ლოკალიზაცია–ლიკვიდაციისთვის“,_ განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა.
ინფორმაციისთვის, ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები.
სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
ხორციელდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე.
მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, არც ერთი მეხანძრე-მაშველი და ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, სტიქიის ზონაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული ჩაერთო. რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებაზე არიან გადასროლილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინირებით სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ, მათ შორის ცეცხლის კერების შეკავება, ასევე პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირებაა.
102-ე ბატალიონის რეზერვისტებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სპეციალური სწავლება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (შNGP) ფარგლებში, დანიელი სამხედროების, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით აქვთ გავლილი. ასეული დანიური მხარის მიერ გადაცემული კრიზისებზე რეაგირების ინვენტარითაცაა აღჭურვიული.