ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩის ცალ მხარეს, ტროტუარზე დაგებული ფილები ცოტა ხნის წინ აყარეს და თავიდან აგებენ. როგორც სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შპს “აღმაშენებელი ქუთაისი” ამბობს, ამის მიზეზი ხარვეზები გახდა და სწორედ მის გამოსწორებას ცდილობენ.
“მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ არის ინიცირებული. 8 მილიონის სამუშაოები ხორციელდება, რომლის მიხედვითაც სრულად იცვლება ჩოხატაურის იერსახე, მაგრამ, რაც შეეხება დუმბაძის ქუჩას, გამოიკვეთა მცირედი ხარვეზები მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ და ის ხარვეზები და შენიშვნები იქნება სრულად გათვალისწინებული და გამოსწორებული”, _ ამბობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე.
ინფორმაციისთვის, ჩოხატაურში პრემიერის საინიციატივო პროგრამა “განახლებული რეგიონები” გასულ წელს ამოქმედდა. “აღმაშენებელი ქუთაისის” წარმომადგენელი ამბობს, რომ სამუშაოების ნახევარი ამ დროისთვის გაკეთებულია, უფრო მეტის გაკეთებას კი ხელი ზამთარმა შეუშალა.
უფრო დეტალურად იმის შესახებ თუ რა არის გაკეთებული და რა რჩება გასაკეთებელი, კომპანიის წარმომადგენელს ბესო გუბელაძეს ვესაუბრეთ:
“სამუშაო სანახევროდ გაკეთებულია. რამდენიმე შენობის ფასადი განვაახლეთ, ზოგი არ დაგვიწყია, რადგან ამინდებმა შეგვიშალა ხელი. ამ ეტაპზე ავყარეთ ფილები, ხარვეზებს ვასწორებთ.
ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ისაა, რომ აქეთ გაზონია, იქეთ _ ღობე და წვიმის დროს წყალს გასასვლელი არსად არ აქვს. იძულებულები გავხდით, რომ ტროტუარზეც სანიაღვრეები გაგვეკეთებინა, რომ წყალს მიმართულება მივცეთ. ბორდიურები სადაც არის დაგებული, ჩავჭრით სამკუთხედებად, რომ წყალი გადავუშვათ არხებისკენ. მაგალითად, რედაქციის წინ მუხლამდე წყალი დგებოდა უამინდობის დროს, მაგრამ გავაკეთეთ და აღარ დგება.
აღნიშნულ მონაკვეთზე პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ტროტუარზე აჩერებენ მანქანებს.
გვინდა, რომ 26 მაისამდე მერიის წინ სკვერი და ეს მონაკვეთი მოწესრიგდეს, რაც გვაქვს დაწყებული უნდა დავასრულოთ. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გაზის მილებია. ჯერ სამუშაო “სოკარს” აქვს, შემდეგ დავიწყებთ ჩვენ”, _ ამბობს გუბელაძე და აღნიშნავს, რომ სამუშაო ქუჩაზე ჯერ კიდევ ბევრია _ ფილების გასწორების გარდა, დასამთავრებელია კინოს სახლის ფასადის მოწესრიგება და “კრიმანჭულის პარკიც”.
“კინოს სახლის ბოძები რჩება შესაფუთი. შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს, ამიტომ მისი დემონტაჟი და იერსახის შეცვლა გამორიცხული იყო. აზბესტი, რომელიც მავნეა, დავფარეთ _ ბოძები შევფუთეთ ფენოპლასტით, მაგრამ ვანდალური ფაქტი მოხდა. ვიღაცამ ფეხი მიარტყა და დაზიანდა. პატარა ნაწილი ჩამოტყდა და ზუსტად ისეთის გაკეთება მოგვთხოვეს. ბოძები ხელახლა უნდა შევფუთოთ უფრო მყარი მასალით, რომ ვერ დააზიანონ”, _ ამბობს გუბელაძე.
ავტორი