კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მიაგნეს მეთოდს, თუ როგორ შეიძლება ადამიანებმა მიირთვან ნაკლები ხორცი და მეტი ბოსტნეული ისე, რომ ამაზე დიდი ყურადღება არ გაამახვილონ.
იმისთვის, რომ მეტი ბოსტნეულის მიღება წავახალისოთ, კაფეებსა და კვების ობიექტებში მენიუს შეცვლაც საკმარისია. კვლევის ფარგლებში 2017 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის სამი კოლეჯის სასადილოსა და კაფეში შეძენილი 96 644 კერძის შესახებ ინფორმაცია გაანალიზდა. ყველა კერძის ღირებულება უნივერსიტეტის ბარათებით დაიფარა, შესაბამისად, მკვლევრებმა შეძლეს დაედგინათ, რა სახის საკვებს მიირთმევდნენ მათი მფლობელები.
მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ როდესაც მაგიდაზე ვეგეტარიანული კერძების რაოდენობა ორჯერ იზრდებოდა, უხორცო საჭმლის ყიდვის მაჩვენებელიც 40-80%-ით მატულობდა. ამასთან, სპეციალისტებმა დააფიქსირეს, რომ ვეგეტარიანული საკვების მოხმარება ხორცის მოყვარულ ადამიანებშიც გაიზარდა.